რეზონანსი
19.01.2026

ევროპა დანიშნულია, რომ იყოს ერთ-ერთი მთავარი წაგებული ამ პროცესში, რადგან მისი დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც მათ აქვთ. არც რესურსებით, არც დემოგრაფიული პოტენციალით და არც მომავლის პოტენციალით. შეერთებული შტატები იკეტება თავის დასავლეთ ნახევარსფეროში იმისთვის, რომ შემდეგ უფრო ძლიერი დაბრუნდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ.

მისივე თქმით, განახლებული დოქტრინა ნიშნავს, ლათინური ამერიკიდან ჩინეთის განდევნას, რომელსაც 200 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს ლათინური ამერიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით ბრაზილიაში.

„ბრაზილიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40% არის ჩინური. მას სჭირდება, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში დაიბევოს ყველაფერი. ნატოს არ დაშლიან ამერიკელები, დანიელების პროტესტი გასაგებია, ზოგიერთს შეიძლება გული აუჩუყდეს, მაგრამ შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ აუჩუყდება, მათ სჭირდება და გააკეთებენ კიდეც.

შემდეგი იქნება კანადა - დღეს იწყება კანადაში, ალბერტას პროვინციაში რეფერენდუმისთვის მზადება, რომ ალბერტა გახდეს დამოუკიდებელი. ალბერტა არის ნავთობის და გაზის მომპოვებელი შტატი, 15%-ია კანადის ეკონომიკის.

თუ დააკვირდებით ტრამპის ქმედებების ამპლიტუდას, ეს არის ნორდიკული ლიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომლის მთავარი მოთამაშე გახლავთ დიდი ბრიტანეთი“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირზეც.

„ეს არის იდეოლოგიური კონფლიქტი, მომავალში ვინ იქნება ბატონი. ევროკავშირის პროექტი რომ გადარჩეს, აუცილებელია რუსეთი ევროპის კონტროლის ქვეშ გადავიდეს და რუსული რესურსების კონტროლით გაიხანგრძლივებენ კეთილდღეობას. მაგრამ შეერთებული შტატებისთვის ეს მისაღები არ არის, რადგან დასუსტებული რუსეთი შეიძლება გახდეს ჩინეთის ნადავლი, ამიტომ აშშ-ს რუსეთი უფრო მეტად დასუსტება არ აწყობს.

რომ ვნახოთ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი რედაქცია, რაც ტრამპმა გამოაქვეყნა თეთრი სახლის საიტზე, ნიშნავს, რომ ევროკავშირის პროექტს გამოუტანეს განაჩენი. შესაძლოა, ევროკავშირი რაღაც ფორმით შენარჩუნდეს, მაგრამ ქვეყნები დაიწყებენ საკუთარი თავის გადარჩენას“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×