
ამერიკა ისევ მოლაპარაკების როლში და ისევ ყურადღების ეპიცენტრშია. უკრაინული დელეგაცია უკვე შტატებშია. გეგმაშია შეხვედრები დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს და ომის შემდგომი აღდგენის საკითხებს.
თავად უკრაინაში კი ისევ კორუფციული სკანდალია. გამოძიება უკვე იმ პოლიტიკურ ფიგურებამდე მივიდა, რომლებიც წლების განმავლობაში ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენდნენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, მოქმედი დეპუტატები და მმართველი პარტიის გავლენიანი წარმომადგენლები - ისინი ახლა ანტიკორუფციული უწყებების ფოკუსში არიან. ჩხრეკები, ამოღებული თანხები, ფარული ჩანაწერები და ბრალდებები დეპუტატების მოსყიდვაზე - ომში მყოფ ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
გამოძიებამ უკვე მოიცვა როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი გუნდის წევრები. ჩხრეკა ჩატარდა დავით არახამიას ოფისსა და საცხოვრებელ სახლშიც, ხოლო იულია ტიმოშენკოს პარტიის შტაბში უკრაინელი სამართალდამცველები გვიან ღამით შევიდნენ. გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება კანონპროექტებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ გადახდილ ქრთამებს - სისტემას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში წლების განმავლობაში არსებობდა.
ამ ფონზე სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება: არის ეს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, თუ პოლიტიკური ველის გადანაწილება ახალი არჩევნების წინ? ფაქტია, რომ, ომის პარალელურად, უკრაინა კიდევ ერთ მძიმე გამოცდას გადის.