
ევროპა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. უკრაინაში ომი უკვე ოთხი წელია გრძელდება. პარალელურად, იძაბება ურთიერთობები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, ხოლო ჩრდილოეთში - არქტიკის რეგიონში - გეოპოლიტიკურად ცხელი წერტილი ჩნდება. ამ ფონზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ევროპარლამენტარებთან პირადი საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, დალევის დაწყებისთვის კარგი დრო იყოს. განცხადება კარგად ასახავს იმ მძიმე პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც დღეს ევროპელი ლიდერები გადაწყვეტილებების მიღებას ერთიანი სტრატეგიის დეფიციტისა და განსხვავებული ინტერესების პირობებში ცდილობენ.
კალასის სიტყვებმა ევროკავშირის შიგნით აქტიური განხილვა გამოიწვია. საუბარი შეეხებოდა არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ზოგად გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელშიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს ფუნქციონირებს. ევროპელი ლიდერები არ მალავენ, რომ არსებული კრიზისების ერთდროულად მართვა - უკრაინის ომი, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები და უსაფრთხოების ახალი რისკები - ბრიუსელისთვის სულ უფრო რთული ხდება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წელი გადის. მიუხედავად ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და NATO-ს მხრიდან ფართომასშტაბიანი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისა, ევროპის შუაგულში კონფლიქტი კვლავ აქტიურ ფაზაში რჩება.
ევროპელი ლიდერები სულ უფრო ღიად საუბრობენ იმ ეკონომიკურ და სოციალურ გავლენებზე, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირის ქვეყნებზე ახდენს. იზრდება თავდაცვის ხარჯები, ენერგეტიკული და ინფლაციური რისკები კი საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ამძაფრებს. ევროკავშირის შიდა არასტაბილურობაზე მიუთითებს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ დაწყებული მორიგი იმპიჩმენტის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალური გადაყენება ნაკლებად მოსალოდნელია, თავად პროცესი შიდა პოლიტიკურ დაძაბულობასა და
ინსტიტუციურ სისუსტეს აჩვენებს. ევროპელ ლიდერებს შორის იზრდება შეშფოთება, რომ შიდა უთანხმოებები საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობაზეც აისახება. ამ ფონზე, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი რუსეთთან დიალოგის განახლების ინიციატივით გამოდიან, ისინი თვლიან, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოება მუდმივი კონფრონტაციის პირობებში ვერ მიიღწევა. რუსეთთან ურთიერტობების შესახებ დისკუსიას ახალი ბიძგი მისცა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებამაც, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და მასთან ურთიერთობების აღდგენა და გრძელვადიანი ბალანსის ძიება აუცილებელია.
განსხვავებული პოზიცია აქვს დიდ ბრიტანეთს. ლონდონში თვლიან, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნებისმიერი გადახედვა მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულებისა და კიევის ინტერესების სრული გათვალისწინების შემდეგ შეიძლება განიხილებოდეს. ბრიტანეთის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვთან ნაადრევი დიალოგი ევროპისთვის სტრატეგიულ სისუსტედ შეიძლება იქცეს.
მაშინ, როდესაც ევროპის ლიდერები რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობებზე საუბრობენ, გრენლანდია და არქტიკის რეგიონი ევროატლანტიკური სტრატეგიული ინტერესების კვეთის წერტილად ყალიბდება.
გრენლანდია იქცა ევროპის კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ ცხელ წერტილად, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს არქტიკის რეგიონში მოწინააღმდეგეების - ჩინეთისა და რუსეთის შესაკავებლად. არქტიკის რეგიონი მნიშვნელოვანია ახალი საზღვაო მარშრუტების კონტროლის, იშვიათი მინერალური რესურსებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და სადაზვერვო სისტემებისთვის.
თეთრი სახლის განცხადებით, განიხილება ყველა ვარიანტი - კუნძულის შესაძენად ფინანსური გარიგება, დიპლომატიური მოლაპარაკებაც და სამხედრო ჩარევაც.
გრენლანდიის შესაძლო ანექსია აშშ-ის პარტნიორი და NATO-ს წევრი ევროპის
ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. დანიის პრემიერი შეერთებული შტატებისგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს, "მუქარა" შეწყვიტოს და განმარტავს, რომ დანიის სამეფო და, შესაბამისად, გრენლანდია NATO-ს ნაწილია და მას ალიანსის უსაფრთხოების გარანტია იცავს.
პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა კუნძულის უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედრო ძალები გაგზავნეს მას შემდეგ, რაც დანიის, გრენლანდიისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ტრამპის შეფასებით, ევროპის ქვეყნების ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათო ვითარებას ქმნის პლანეტის უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის.
გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ამერიკის პრეზიდენტმა 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანის, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იანი ტარიფები დაუწესა, რაც 1-ლი ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება. ტარიფები იქამდე იმოქმედებს, სანამ "გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული".
ევროპა დღეს ურთულესი პოლიტიკური არჩევანის წინაშე დგას. ოთხწლიანი ომი უკრაინაში, შიდა ინსტიტუციური კრიზისები და ახალი სამხედრო რისკები ევროკავშირს აიძულებს, გადახედოს საკუთარ როლს გლობალურ პოლიტიკაში. კაია კალასის განცხადება ამ კონტექსტში ბევრისთვის იქცა იმ მძიმე რეალობის სიმბოლურ გამოხატულებად, რომელშიც ევროპელი ლიდერები გადაწყვეტილების მიღებას ცდილობენ - დაუსრულებელი ომის, მოუგვარებელი და პოტენციური კრიზისების პირობებში.