
პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია აღარ ემსახურება ევროპელი ხალხისა და ევროპული სახელმწიფოების ინტერესებს და, მისივე შეფასებით, იმ გლობალური ძალების გავლენის ქვეშ მოქმედებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის კონტროლს ცდილობენ.
„ჯერ კიდევ 1961 წელს აშშ-ს პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი გვაფრთხილებდა იმ საფრთხის შესახებ, რასაც იმ დროისთვის ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უქმნიდა დემოკრატიას, დღეს კი ეს გავლენა ბევრად უფრო მასშტაბურია და სწორედ ეს ძალები განსაზღვრავენ ევროკავშირისა და ევროპის მრავალი ქვეყნის პოლიტიკას", - აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესები აჩქარებს ევროკავშირის დასუსტებასა და კრიზისს, რომლისკენაც, სუბარის თქმით, ევროპას თავად ევროპული გაერთიანების მოქმედი ხელმძღვანელობა მიაქანებს.
„ევროკავშირი არ ასრულებს ევროპელი ხალხისა და ევროპული სახელმწიფოების ინტერესებს; ის ემსახურება ევრობიუროკრატებისა და იმ დიდი მოთამაშეების ინტერესებს, რომლებიც ცდილობენ მსოფლიო პოლიტიკა გააკონტროლონ. ჩვენ ამას, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მიბაძვით, „დიფ სთეითს" ვუწოდებთ. სინამდვილეში კი ესენი არიან ის უდიდესი კორპორაციები, რომლებიც შეერთებული შტატების, ევროპისა და ზოგადად მსოფლიოს პოლიტიკაზე ძლიერ გავლენას ახდენენ. ხშირად ამგვარ განცხადებებს შეთქმულების თეორიას უწოდებენ, თუმცა ჯერ კიდევ 1961 წელს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი თავის საპრეზიდენტო ვადას ამთავრებდა, მან საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკული დემოკრატია სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, რადგან იმ დროისთვის ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პრაქტიკულად მართავდა ამერიკულ პოლიტიკას და ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა.
მაშინ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერება ახალი თემა იყო და ძალიან ძნელი იყო წინასწარ განჭვრეტა, თუ რა მასშტაბს მიაღწევდა ეს პროცესი. დღეს ეს ძალა უკვე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თანაც იგი პრაქტიკულად შეერწყა სხვა არანაკლებ გავლენიან კორპორაციებს. ესენია, უპირველეს ყოვლისა, უაღრესად ძლიერი საბანკო სექტორი, ასევე სოფლის მეურნეობაში მოქმედი გიგანტური კორპორაციები, ფარმაცევტული ბიზნესი, ნავთობისა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიები, ციფრული ტექნოლოგიების გიგანტები და, რაც მთავარია, მათ ზემოთ მდგომი რამდენიმე გლობალური კორპორაცია, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს და წამყვან წილებს ფლობს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში.
წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის გავლენა აქვთ მათ დღეს - თუ ჯერ კიდევ 1961 წელს ეიზენჰაუერი გვაფრთხილებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისგან და პოლიტიკაზე მათი გადაჭარბებული გავლენისგან მომდინარე საფრთხეებზე, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ძალაც ახლა აქვთ ამ კორპორაციებს და მათ უკან მდგომ რამდენიმე ოლიგარქიულ ოჯახს. სწორედ ეს ძალებია, რომლებიც დღეს წარმართავენ ევროკავშირისა და ევროპის არაერთი ქვეყნის პოლიტიკას, რაც აჩქარებს იმ კრახს, რომლისკენაც ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა თავად მიაქანებს ამ ევროპულ გაერთიანებას და ევროპას მთლიანად," - განაცხადა სოზარ სუბარმა.