
"ერფან სოლტანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა" - უფლებადამცველი ორგანიზაცია დაკავებული 26 წლის დემონსტრანტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
დამოუკიდებელი ორგანიზაცია Hengaw, რომელიც ქურთისტანსა და მთელ ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს აშუქებს, იტყობინება, რომ 26 წლის დემონსტრანტ, ერფან სოლტანი ცოცხალია.
ერფან სოლტანის ოჯახთან დაახლოებული წყაროებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ოჯახმა დღეს, 18 იანვარს მოინახულა და დაადასტურეს, რომ ის ჯანმრთელადაა.
ერფან სოლტანი გასულ კვირას დააკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ სოლტანის ოჯახს უწყებამ აცნობა, რომ მას სიკვდილით მისჯა მიესაჯა და აღსრულება 14 იანვარს იგეგმებოდა - ოჯახს ნება დართეს სოლტანი უკანასკნელად ენახათ.
სასჯელი დათქმულ დღეს არ აღსრულებულა და საბოლოოდ, ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარყო ბიჭისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა. მთავრობის მიერ ინტერნეტის დაბლოკვამ ასევე გაართულა ერფან სოლტანის და პოტენციურად მსგავს სიტუაციებში მყოფი სხვა პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. წინა კვირას Hengaw-ს წარმომადგენელმა ავიარ შეხიმ BBC-ს განუცხადა, რომ მას ეშინია, რომ სოლტანის მსგავსი კიდევ ბევრი შემთხვევა არსებობს, რაც ხაზს უსვამს იმ მასშტაბსა და სიჩქარეს, რომლითაც ირანის ხელისუფლება ძალადობრივ დარბევას ახორციელებს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერფან სოლტანი ციხეში მოკლეს, თუმცა ოფიციალურ წყაროებს აღნიშნული ფაქტი არ დაუდასტურებიათ.
ირანის სასამართლო ამბობდა, რომ დაკავებული დემონსტრანტის, 26 წლის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა "საერთოდ არ იგეგმებოდა".