გრენლანდიის გამო აშშ-სა და ევროპის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება
ნატალია ჯვარიძე
18.01.2026

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპის დაპირისპირება ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდა. ევროპული ქვეყნები გრენლანდიაში სიმბოლურად აგზავნიან თავის სამხედრო კონტიგენტს და დანიის კუთვნილ ამ კუნძულზე აშშ-ის შესაძლო სამხდრო ინტერვენციის დამანგრეველ შედეგებზე საუბრობენ. ამის საპასუხოდ აშშ-მა ამ ქვეყნებს 10-%-ანი ტარიფები დაუწესა. ეს ყველაფერი კი ხდება დავოსის ფორუმის წინ, რომელსაც დასავლურმა მედიამ უკვე უწოდა „ძველი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების ბოლო შანსი".

დავოსის ტრადიციული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში 19-23 იანვარს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად დაესწრება. მეტიც, ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმზე აშშ-ის დელეგაცია რეკორდულად მრავალრიცხოვანი იქნება.

ფორუმის პრეზიდენტის, ბორგე ბრენდეს განცხადებით, შეხვედრას, ტრამპის ჩათვლით, „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ექვსი ლიდერი დაესწრება. ამ დროისთვის დადასტურებულია 64 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის ვიზიტი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მაღალი რანგის სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ფორუმს არ დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პრემიერი, ირაკლი კობახიძე არ მიუწვევიათ.

ტრამპის გადაწყვეტილება და ევროპელების რეაქცია

უშუალოდ დავოსის ფორუმის წინ ტრამპმა გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილსთვის სავაჭრო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „თრუს სოუშალში" წერს, 10%-იანი ტარიფები ნებისმიერ საქონელზე, რომელიც აშშ-ში იგზავნება, დაუწესდება დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.

ამას ევროპაში სერიოზული უკრმაყოფილება და კრიტიკული განცხადებები მოყვა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ შვედვეთი შანტაჟს არ დაუშვებს. მისივე ცნობით, აშშ-ის გადაწყვეტილებაზე კოორდინირებული რეაგირებისთვის შვედეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„მე ყოველთვის დავიცავ ჩემს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირე მეზობლებს. ეს ევროკავშირის საკითხია, რომელიც გაცილებით მეტ ქვეყანას ეხება, ვიდრე ახლა გამოყოფილ ქვეყნებს. შვედეთი ამჟამად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ნორვეგიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინირებული რეაგირებისთვის", - წერს ულფ კრისტერსონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ტარიფებით მუქარა მიუღებელია.

„არანაირი დაშინება და მუქარა არ იმოქმედებს ჩვენზე არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც სხვაგან მსოფლიოში, როდესაც ასეთ სიტუაციებს ვაწყდებით. ტარიფების თაობაზე მუქარა მიუღებელია და არ აქვს ადგილი ამ კონტექსტში. ევროპელები მათ ერთიანად და კოორდინირებულად უპასუხებენ, თუ ისინი დადასტურდება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ევროპული სუვერენიტეტი. სწორედ ამ სულისკვეთებით ვისაუბრებ ევროპელ პარტნიორებთან", - წერს მაკრონი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ არასწორია ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვიან.

„გრენლანდიის საკითხზე ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა - ის არის დანიის სამეფოს ნაწილი და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა. ჩვენ ასევე მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ნატო-სთვის და მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ ერთად, რათა უპასუხონ რუსეთის საფრთხეს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში.

„ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პირდაპირ განვიხილავთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან", - აღნიშნა სტარმერმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა წერს, რომ ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს.

„დანიის მიერ წინასწარ კოორდინირებული წვრთნა, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ტარდება, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიასა და გრენლანდიის მოსახლეობას. დიალოგი კვლავ აუცილებელი რჩება და ჩვენ ვართ ერთგული, განვავითაროთ პროცესი, რომელიც დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის გასულ კვირას დაიწყო.

„ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და დაღმავალი სპირალის წარმოქმნის საფრთხეს შექმნის. ევროპა დარჩება გაერთიანებული, კოორდინირებული და ერთგული თავისი სუვერენიტეტის დაცვაში", - წერს ანტონიუ კოშტა.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აშშ-შიც აკრიტიკებენ. დემოკრატი კონგრესმენი დონ ბეიერი აცხადებს, რომ ტრამპს ამის უფლება არ აქვს, ეს კანონსაც ეწინააღმდეგება და ამერიკისთვის სრულ კატასტორფას წარმოადგენს.

„ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას.

„ეს კანონის საწინააღმდეგოა, ეს სრული კატასტროფაა ამერიკისთვის. კონგრესსა და უზენაეს სასამართლოში რესპუბლიკელებმა უნდა მოიკრიბონ ძალები და შეაჩერონ ეს", - წერს დონ ბეიერი „იქსზე".

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში პუტინს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. ამის შესახებ განცხადება პედრო სანჩესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება დანიის შემადგენლობაში შემავალი კუნძულის წინააღმდეგ დააზიანებს ნატო-ს და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

  • „თუ ვფოკუსირდებით გრენლანდიაზე, მე უნდა ვთქვა, რომ აშშ-ის შეჭრა ამ ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში.

თუ აშშ გამოიყენებს ძალას, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი ნატო-სთვის. პუტინი კი ორმაგად ბედნიერი იქნება", - ამბობს სანჩესი.

როგორ დასრულდება აშშ-ევროპის კონფლიქტი

ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი ფიქრობს, რომ ამერიკის ზეწოლის ფონზე ევროპას პოზიციების შცვლა მოუწევს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში.

  • „ტრამპი აჩვენებს, რომ ამერიკას არ ჰყავს მოკავშირე და ისინი მის დაქვემდებაში არიან. ტრამპის განცხადებებიც ამაზე მიუთითებს. ვინც მის წინააღმდეგ წავა, პასუხს მოსთხოვს.

ევროპის მსგავს გამოსვლებს, ვგულისხმობ სამხედრო კონტიგენტის განთავსებას, ამერიკა ამის ატანას არ აპირებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამაც ევროპელებს უბიძგა, რომ რაღაცები შეეცვალათ. მაგალითად ის, რომ თუნდაც მერცმა რუსეთზე განცხადება გააკეთა, სადაც რუსეთი ევროპად მოიხსენია და რიტორიკა შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უნდათ გავლენები შეინარჩუნონ, კონფლიქტში კი არ უნდა ჩაერთონ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ უნდა ითამაშონ ამერიკასა და რუსეთს შორის.

„ზოგადად, როცა ევროკავშირი იქმნებოდა, მისი იდეა იყო საკუთარი თავი დაეცვა როგორც საბჭოთა გავლენებისგან, ისე ამერიკულისგან. ის, რომ ევროპელები თავის დროზე ამერიკელებს გვერდში ენდნენ უკრაინის ომთან დაკავშირებით და ეგონათ, ეკონომიკური სანქციებით რუსეთს დაამარცხებდნენ, ასე არ მოხდა. ახლა ყველაფერი ნათელია - ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში ის აწესებს წესებს, ვისაც ძალა და გეოპოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობა აქვს.

„ვფიქრობ, ევროპელების ცდა რუსეთთან გარკვეულწილად შეარბილონ ურთიერთობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი გრძნობენ ამერიკის ზეწოლას გრენლანდიასთან მიმართებაში. ისინი მიხვდნენ, რომ ხაფანგში აღმოჩნდნენ და ახლა ცდილობენ რაღაცების დათმობის ხარჯზე საკუთარი პოლიტიკის შეცვლას. თუკი ჩვენ ამ სიტუაციას გავანაალიზებთ, უკრაინის ომში დამარცხებულია არა უკრაინა, რუსეთი, ან აშშ, არამედ ევროკავშირი, რომელმაც საკუთარი ეკონომიკური სიმძიმე დაკარგა. შესაბამისად, ისინიც ხვდებიან, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. ამიტომ მომავალში ველოდები ევროპელების პოზიციების შეცვლას რუსეთთან მიმართებაში", - აღნიშნა ნუკრი შოშიაშვილმა „რეზონანსთან".

რა მოხდება დავოსის ფორუმზე

შოშიაშვილი „რეზონანსთან" სამ მთავარ საკითხზე საუბრობს, რომელიც, სავარაუდოდ, დავოსის ფორუმზე განიხილება:

„ტრამპის სასანქციო პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში ძალიან ხისტია. სულ ახლახანს კანადამ ჩინეთთან ისეთი ხელშეკრულება დადო, რომ ეს, ფაქტობრივად, მათ სტრატეგიულ მოკავშირეობას ნიშნავს. იმის მიუხედავად, რომ დედოლარიზაციის პროცესი თითქოს დაწყებულია, პრაქტიკულად სახელმწიფოები ამისთვის მზად ვერ აღმოჩნდნენ. ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ვინც დაიწყო დედოლარიზაცია, ჯერჯერობით მათ არ აწყობთ ეს.

„ჩემი აზრით, პირველ რიგში რაც მოხდება, არის ის, რომ დოლარის ფაქტორი უფრო გარანტირებული იქნება ტრამპის მხრიდან. მეორე - გარკვეულწილად ურთიერთობების გადატვირთვას ველოდები და მესამე - გავლენის ზონებზე იქნება საუბარი. აღნიშნულ ფორუმზე ძირითადად ამ სამ საკითხზე ლაპარაკს ვვარაუდობ - დოლარის ჰეგემონიის შენარჩუნებას, გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებას და მსოფლიო გავლენების გადანაწილებაზე საუბარს", - თქვა შოშიაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×