
„მემარცხენე ალიანსი" გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა ძაგანიამ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდა, რათა მსგავსი ქმედებები სათანადოდ შეფასდეს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ელჩები და საელჩოები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
„განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ქმედებები, რომელიც არა თუ ვენის კონვენციას, ხშირ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსაც კი არღვევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაანონსებთ საკანონმდებლო წინადადების დამუშავებას, რომელიც სამართლებრივ და ზნეობრივ ჩარჩოში დააბრუნებს მტრულად განწყობილი არა მთავრობების, არამედ არაფორმალური ძალების მიერ მართული ქვეყნების ელჩებისა და საელჩოების ქმედებებს.
მნიშვნელოვანია, რომ დაწესდეს კონკრეტული სანქციები ვენის კონვენციის დამრღვევი ელჩების მიმართ, მათ შორის, გაუქმდეს დიპლომატების მიმართ არსებული ხელშეუხებლობის პრინციპი.
ასევე, ვენის კონვენციის დამრღვევის განმეორება ავტომატურად იწვევდეს ელჩის ქვეყნიდან გაძევებას", - განაცხადა ძაგანიამ.
„ქრონიკის" ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის" წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.
„ქრონიკის" ინფორმაციით, ელჩი, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, რომ როგორც ირანში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში".
გერმანიის ელჩთან შეხვედრის ფაქტზე და შეხვედრის შინაარსის შესახებ დასმულ კითხვას აქტივისტები გაურბიან, თუმცა აუდიენციას ადასტურებენ.