რეზონანსი
18.01.2026

 „ბლუმბერგის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, „მშვიდობის საბჭოში" წევრობის სანაცვლოდ, სახელმწიფოებისგან ერთი მილიარდი დოლარის გადახდა მოითხოვოს.

როგორც სააგენტო წერს, ტრამპის ინიციატივაა, რომ მის მიერ ინიცირებული ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს.

„ბლუმბერგი" წერს, რომ ჟურნალისტებმა „მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტი მოიპოვეს.

დოკუმენტში „მშვიდობის საბჭო" დახასიათებულია, როგორც ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილურობის წინ წაწევას, სანდო და კანონიერი მმართველობის აღდგენას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას იმ რეგიონებში, სადაც ამჟამად კონფლიქტია ან დაპირისპირების საფრთხე არსებობს".

პროექტის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი მოითხოვოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც „მშვიდობის საბჭოში" მუდმივი წევრობა უნდათ. ამასთან, დონალდ ტრამპი იქნება საბჭოს თავმჯდომარე და ის გადაწყვეტს, ვის მიიწვევს ორგანიზაციაში.

პროექტის თანახმად, ე.წ. მშვიდობის საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით მოხდება და თითოეულ ქვეყანას ერთი ხმა ექნება. ამასთან, საერთო გადაწყვეტილება მოითხოვს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობას, რომ ის საბოლოოდ ამოქმედდეს. გარდა ამისა, ტრამპი დაამტკიცებს ორგანიზაციის სხდომების დღის წესრიგსაც. აშშ-ის პრეზიდენტს ექნება უფლება, საბჭოდან წევრი ქვეყანა გააძევოს, ხოლო დანარჩენებს შეეძლებათ ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა, თუ ხმათა ორ მესამედს მოაგროვებენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე მის შემცვლელს ტრამპი თავად აარჩევს. პროექტის მიხედვით, ე.წ. მშვიდობის საბჭო, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ შეიკრიბება. საჭიროების შემთხვევაში, გაიმართება დამატებითი სხდომებიც. როგორც „ბლუმბერგი" წერს, ტრამპი გეგმავს, ერთპიროვნულად გააკონტროლოს, სად დაიხარჯება ქვეყნების მიერ გაკეთებული შენატანების შედეგად დაგროვილი თანხა. ანონიმური წყაროს ცნობით, ტრამპს სურს, უპირველეს ყოვლისა, დაფინანსდეს ღაზის სექტორის აღდგენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×