
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და გაერთიანებას „ჩამავალი ვარსკვლავი“ უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებას“, „მერკოსურის“ ბლოკთან სავაჭრო ხელშეკრულებას, ცენტრალიზაციისკენ სწრაფვასა და მიგრაციულ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ მას სურს იხილოს „ძლიერი პოლონეთი ჯანსაღ ევროკავშირში“.
„მიმაჩნია, რომ პოლონეთი სათავეში უნდა ჩაუდგეს ევროკავშირის რეფორმირების მომხრეთა ბანაკს, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც არ ეთანხმება არსებული პოლიტიკის გაგრძელებას და, ამავდროულად, არ სურს, რომ ერთიანი ევროპის იდეის მოწინააღმდეგედ მიიჩნიონ“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.