ნატალია ჯვარიძე
16.01.2026

ირანში სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდება და ლტოლვილების დიდ ტალღას არ უნდა ველოდეთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით შედეგი შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს.

„წესით, ტრამპის მიერ დაანონსებული 25%-იანი ტარიფი საქართველოსაც უნდა შეეხოს, ვინაიდან ირანთან ვაჭრობს. ამ თემაში კარგად გარკვეული არ ვარ, თუმცა ვიცი, რომ ასეა. ამიტომ ტრამპის ეს განკარგულება საქართველოს პირდაპირ ეხება - ირანთან ურთიერთობების გამო ტარიფები გაძვირდება, რაც ეკონომიკას ალბათ, დაეტყობა.

როგორც ჩანს, ირანში პირობითად ვითარება ნელ-ნელა წყნარდება. ხელისუფლებამ მდგრადობა და ბალანსი შეინარჩუნა. აშკარად არ მომხდარა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანზე დარტყმა. მართალია ეს არ მომხდარა, მაგრამ არც გაუქმებულა. ამიტომ მოსახლეობამ სახლები რატომ უნდა დატოვოს და წავიდნენ სხვა ქვეყანაში?! ასე რომ, საფრთხე ჯერჯერობით გადავადებულია, ანუ არანაირი დევნილთა ტალღები არ ჩანს.

მერე მეორეც,

  • საქართველო ირანის მოსაზღვრე ქვეყანა არ არის იმის მიუხედავად, რომ ერთ რეგიონში ვართ. ირანს ესაზღვრეა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. თუ პირველი ტალღები წავა, ძირითადად ამ ქვეყნებში.

საქართველო მეორე ტალღების მიმღები იქნება, რაც მინიმალურია-ხოლმე.

საერთოდ ადამიანი მიდის ისეთ ქვეყანაში, რომელიც მისთვის მსგავსი კულტურის მქონე არეალია, ან მდიდარ ქვეყნაში. საქართველო ირანისთვის არც კულტურულადაა იდენტური და არც მდიდარი სახელმწიფოა. ასე რომ, პირველ რიგში ერაყში წავლენ, რადგან ირანელები შიიტები არიან და ერაყში ბევრი შიიტი ცხოვრობს, განსაკუთრებით ირანის საზღვართან. ასევე, აზერბაიჯანში, სადაც შიიტები ცხოვრობენ. სომხეთში წავლენ ისინი, ვისაც სხვაგან წასაავლელი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ახლა რომ იყოს რაღაც საგარეო ესკალაცია, არ მგონია საქართველოს მოაწყდეს ყველაზე მეტი ადამიანი.

ბევრი იმასაც შეეცდება, რომ ევროპაში წავიდეს. ევროპა კარებს გაუღებს მათ, რადგან პოლიტიკური ნიშნით დევნილები იქნებიან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

13 იანვარს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 25%-იანი სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ.

მისივე თქმით, ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ირანთან ბიზნეს ურთიერთობაში.

„ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის," - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×