
სრული სიმკაცრით დაისაჯონ მკვლელები და დანაშაულის სხვა ფიგურანტები - სასტიკად მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახმა ზუგდიდის სასამართლოსთან მდუმარე აქცია გამართეს. მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა განესაზღვროს.
აქციის პარალელურად ზუგდიდის სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ნათია ხაჩატურიანის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულის ოჯახის წევრებმა ნათია აფხაზავას ოჯახის ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ვიდექით მშვიდობიანი აქციით და ჩვენ გვეძახიან და გვთხოვენ, რომ გვრცხვენოდეს, არ ვიცი რისი უნდა გვრცხვენოდეს. პოლიცია იმათ იცავს, იმათ მხარეზე არის, სასამართლოც არ ჩატარდა, როგორც სასურველი იყო“, - ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.
მოკლული ქალი გერმანიის მოქალაქე იყო, შესაბამისად ვინაიდან ოჯახის წევრებს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ კითხვები აქვთ, საქმეში გერმანული მხარეც ჩაერთო. დღეს სასამართლოში გერმანელი ექსპეტებიც იმყოფებოდნენ.
„დღეს სპეციალურად ჩამოვედი საქართველოში, რათა პირადად დავესწრო ნათიას განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე გამართულ პროცესს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვას ყურადღებით აკვირდება გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი წინა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოვლინდა რიგი სერიოზული პროცესული დარღვევები, რაც იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას. გერმანიის სახელმწიფო მკაფიოდ ელოდება, რომ საქმის შემდგომი განხილვა წარიმართება კანონის სრული დაცვით“, - თქვა გერმანელმა ექსპერტმა.
ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 42 წლის ქალი ფულის გამო ჯგუფურად მოკლეს, რადგან წლებით ნაგროვები თანხის მითვისებაში მის ახლო მეგობარს დასდო ბრალი. აფხაზავები დარწმუნებულები, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნათია ხაჩატურიანს დაქალი მარტოს არ მოუკლავს და დანაშული ჯგუფურად ჩაიდინა. 42 წლის ნათია აფხაზავას 41 შემავალი ჭრილობა ორი დანით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა ჩაიდინა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალაზე, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ნათლად ჩანს წამების კვალი.
მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელს მეუღლე და დედამთილი ეხმარებოდნენ, გამოძიება კი მათ ხელს არ კიდებს, რადგან, უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ქმარი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკა სოხაძეა. შემთხვევა ზუგდიდში 13 აგვისტოს მოხდა.