
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, რაზეც ზოგიერთი ოპოზიციონერი ალაპარაკდა, ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს „ოცნებას" უბრალოდ არ აწყობს. ამასთან, მიიჩნევს, რომ თუ გაჩნდება რაიმე მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ძალა, ეს მემარცხენე ფლანგზეა უფრო მოსალოდნელი, თუმცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი პოლიტიკაზე უარს ამბობს.
„რეზონანსი": ოპოზიციაში ზოგიერთი ხელისუფლებასთან ერთ მაგიდასთან დასხდომასა და მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. რამდენად რეალურია, რომ „ქართული ოცნება" ამაზე წავიდეს?
რამაზ საყვარელიძე: შეიძლება ხელისუფლება ოპოზიციას ერთ მაგიდაზე დაუჯდეს, ოღონდ მთავარია მხარეები ერთმანეთს რას შესთვაზებენ და არის თუ არა დაინტერესება. რა შეიძლება იმ ოპოზიციამ, რომელიც საპროტესტო აქციაში 100-200 კაცს ძლივს აგროვებს, ხელისუფლებას ისეთი რამ შესთავაზოს, რომ მმართველი პარტია დიალოგზე წავიდეს და რაღაც დათმოს. რომ ვლაპარაკობთ ირანის სცენარიო, საფრთხობელად გამოდგება, თუმცა რეალურად რამდენად არის საქართველოში გადმოსატანი? აიათოლას ტიპის რეჟიმი გვაქვს თუ არა? და შესაბამისი საპროტესტო მუხტი არსებობს, რომელსაც უცხოეთის მხარდაჭერა გააჩნია? მგონი არც ერთი, არც მეორე და არც მესამეა. აქედან გამომდინარე, რაზე უნდა ილაპარაკონ? ასეთი დიალოგი მხოლოდ ოპოზიციისთვისაა მნიშვნელოვანი, თორემ ხელისუფლებისთვის არაფერი იცვლება.
- დღეს ოპოზიციას მნიშვნელობა აქვს დაკარგული და სწორედ ამიტომ არის მათი მხარდამჭერების რიცხვის შემცირებული. ხელისუფლების უკმაყოფილოთა რიცხვი არ შეცვლილა,
უბრალოდ ოპოზიციის მიმართ ნდობა ჩაქრა. ახლა ეს ნდობა და ოპოზიციის მნიშვნელობა ხელისუფლებამ უნდა გააღვიძოს, თუკი ერთად დასხდებიან. გაუგებარია, რა საფრთხეს ქმნის მმართველ პარტიისთის, თუ ეს დიალოგი არ შედგება.
„რ": მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამი ოპოზიციური პარტიის („ნაც.მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ლელო-ძლიერი საქართველო") აკრძალვის შემდეგ გამოჩნდება პოლიტიკური სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. რამდენად შესაძლებელია დასახელებული პარტიები მართლაც აიკრძალოს და ვინ იქნება ახალი ძალები?
რ.ს: ბევრი რამ დამოკიდებულია საერთაშორისო ფონზე. თუკი ამ პარტიების გაუქმებით, საქართველოსთვის რაღაც სახიფათო ნაბიჯები უცხოეთიდან გადაიდგმევა, რაც შესაძლებელია, მაშინ ალბათ, გარკვეული საბაბით პარტიების გაუქმებას არ იჩქარებენ. თუკი გაუქმდა, მაშინ შესაძლოა ამან გააჩინოს პარტიების ახალი ტალღა. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ ახალ ძალას, თუმცა არის რამდენიმე ფრაგმენტი. მაგალითად ბევრი ანალიტიკოსია, რომელსაც სოციალისტური იდეები აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ანალიტიკოსთა ასეთმა ჯგუფმა პოლიტიკური მიზანი დაისახონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, დღეს ხელს უშლის ის, რომ შესაძლოა მათზე აქტიური ბულინგი დაიწყოს. ამიტომ ბევრი ახალგზარდა პოლიტიკაში მისვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას ძალიან მძაფრი დამოკიდებულება აქვს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის მიმართ, რადგან თუ ოპოზიციამ პოლიტიკური სივრცე დატოვა, როგორც ფინანსები, ასევე უცხოეთიდან მხარდაჭერა მოეხსნება და სულ დაკარგავენ მნიშვნელობას. თან ეს ადამიანები ისეთები არ არიან, რომ სხვა სფეროში გადინაცვლონ. ამიტომ იბრძვიან, რომ მათ ოპოზიციონერობაში არავინ შეეცილოს.
„რ": ირანში მიმდინარე მოვლენები რომ შეაფასოთ, რა პროცესები მიდის ახლა?
რ.ს: ირანი ისტორიულად ჰუმანიზმით გამოირჩევაო, ძნელი სათქმელია, ჩვენთის მითუმეტეს. რაც შეხება იმას, თუ ვინ ვის ხოცავდა, გამოაღწია კადრებმა, სადაც ჩანს ერთი მხარის სროლა მეორეს მისამართით და პირიქით. იქ ნამდვილი შიდა ომია, ყოველ შემთხვევაში იყო. ასეთი სამოქალაქო ომები ისტორიამ იცის, განსაკუთრებული მოვლენა არ არის და დღევანდელი ხელისუფლება ე.წ. ისლმური რევოლუციით აღმოჩნდა მთავრობაში. თუმცა იმაზე ლაპარკი, რომ ვიღაცას აწყობს, ან არა ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან აითოლების ხელისუფლება ვიღაცას არ აწყობდა და პირიქით, ვიღაცას შაჰის მმართველობა არ უნდოდა. ამის დაინტერესებამ ისლამურ რევოლუციას ხელი შეუწყო. ასე რომ, თუ ირანის პროცესებში ვინმეს ინტერესებზე განსაკუთრებული ხაზგასმა დღევანდელი ხელისუფლების მიერ ცოტა არადამაჯერებელია, რადგან ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ რევოლუციების მექანიზმები.
რეალურად რა ხდება? დაპირისპირება ნამდვილად არის. ჩვენ გვახსოვს ასეთი დაპირისპირება, როცა ახალგაზრდა ქალს სიკვდილი მიუსაჯეს ისლამის პრინციპებიდან გამომდინარე. მერე ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ასე რომ, დღევანდელი პროტესტი არც პირველია და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ბევრ რამეს რა თქმა უნდა, უცხოური ჩარევა გადაწყვეტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მაინც და მაინც სამხედრო იქნება. მე სამხედრო ჩარევებს არ ველოდები. ამერიკა ამას ერიდება, რადგან თვითონ ირანი ისეთი სახელმწიფოა, რომ ქვეყანაში ქაოსის დაწყება, ბევრ საფრთხეს გამოიწვევს. ამიტომაც ყველა ქვეყანა სთხოვს, რომ არ ჩაერიოს, ისრაელის ჩათვლით.