მარიამ ვეკუა
16.01.2026

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში გამოძიება ახალ ფაზაში გადავიდა - დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. დაღუპულის დედამ კი 17 იანვარს დაანონსებული აქცია დროებით გადადო. ამბობს, რომ ბრძოლის სტრატეგიას მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც საქმის მასალებს დეტალურად გაეცნობა.

ბრალის დამძიმება შეეხო დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს ახლა გამოძიება ედავება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ამასთან, თუ ა.ნ.-საც აქამდე პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სს კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

გარდაცვლილის დედის პოზიცია

8 იანვარს გარდაცვლილილი გიგია ავალიანის დედამ პროკურატურის წინ აქცია გამართა. ოჯახი გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რათა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი ყველა ადამიანი. გარდა ამისა, აქციაზე გაჟღერდა გენპროკურორის გადადგომის მოთხოვნა. თუ ეს 17 იანვრამდე არ მოხდებოდა, გარდაცვლილის დედა შიმშილობას დაიწყებდა.

აქცია 17 იანვარსაც იყო დაანონსებული, თუმცა გარდაცვლილის დედამ, ეკა კუპატაძემ, გუშინ პოსტი გამოაქვეყნა, რომ აქცია გადაიდო.

"17 იანვრის აქცია გადაიდო, ხალხის უდიდესი და უანგარო თანადგომით მოვახერხე, რომ დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა! გადმომეცა საქმის მასალები, ჩავუჯდები დეტალებს და რისხვის ტალღა მერე ნახონ!!!

ცოტა ხნით აქციის გადადება მომიწევს, მე არ მინდა აქცია აქციისთვის. აქცია მინდა ბრძოლისთვის!

ამიტომ, ჯერ ვნახავ რა დევს საქმის მასალებში და ბრძოლის სტრატეგიას იმის მიხედვით განვსაზღვრავ. მე ვცოცხლობ გიგასთვის! ჩემი ხერხემალი ჩემი გიგას ღირსებაა! სახელმწიფოს ხერხემალი სამართალია!

P.S. ნია იმნაძის დედავ, დაქალის ქმარი მომიკითხე!" - ვკითხულობთ კუპატაძის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×