რეზონანსი
16.01.2026

აღმოჩნდა, რომ ქვეყნის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მაჩვენებლით, კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ჩვენი მიზანია არა ოცეულში ყოფნა, არამედ საუკეთესო ლიდერებს შორის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან.

„ბოლო წლების განცხადებებს და რიტორიკას თუ დავაკვირდებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, მათთვის კორუფცია იყო ქვეყნის შეფასების მიმართულებით ერთ-ერთი ფუნდამენტური მაჩვენებელი. ამაზე იგებოდა შემდეგ დემოკრატიის ნაკლებობაც, რეჟიმის შეფასება, სახელის დარქმევა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მაჩვენებლით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ჩვენი მიზანია არა ოცეულში ყოფნა, არამედ საუკეთესო ლიდერებს შორის. დღევანდელი კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია კორუფციის ნაკლებობით და პირველ ადგილზე ვინ არის? - ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები კანდიდატებს შორის, უკრაინა და მოლდოვა. ეს რეალობაა. ჩვენ ამ პროპაგანდის გარღვევა და ამ ურთიერთობაში სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×