რეზონანსი
16.01.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმეს. ორივე მათგანი პროკურატურამ თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული არასრულწლოვანის მეგობრები არიან. გამოცემის ცნობით, ახლა მათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ედავებიან.

ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ჩიქოვანი საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

„მთელმა საქართველოს იცის დატრიალებული ტრაგედია და თავს ვალდებულად ვთვლი, თქვენს წინაშე ავხსნა რატომ არის ჩემი შვილი დემეტრე ჩიქოვანი უდანაშაულო, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს და რატომ მაქვს გენერალურ პროკურორთან გვარაკიძესთან პრეტენზია შეკვეთილ ბრალთან მიმართებით და რატომ მივიჩნევ, რომ გუშინ ჩემი შვილისთვის ბრალის წარდგენით ის ცდილობს ამ თემის ჩაფარცხვას, კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიის დღეს 1 ოქტომბერს ჩემი შვილი არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე: 

1.   თურმე მან ა.გ და გ.კ -სთან ერთად გადაწყვიტა გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთლეობის მძიმე დაზიანება - ჩემს შვილთან მიმართებით მტკიცებულება - 0

2.  თურმე ჩემს შვილს დემეტრე ჩიქოვანს ა. გ. და გ. კ -სთან ერთად დაუდგენია გიგა ავალიანის პიროვნება - ჩემს შვილთან მიმართებით მტკიცებულება - 0

3.  თურმე ჩემს შვილს დემეტრე ჩიქოვანს ა.გ. და გ.კ -სთან ერთად შეუმოწმებია გიგა ავალიანის სოცილაური ქსელი და გადმოუტვირთია მისი ფოტოსურათი - ჩემს შვილთან მიმართებით მტკიცებულება - 0;

4.  თურმე ჩემს შვილს დემეტრე ჩიქოვანს ა.გ. და გ.კ-სთან ერთად გაურკვევია გიგა ავალიანის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი - ჩემს შვილთან მიმართებით მტკიცებულება - 0 

5.  თურმე ჩემს შვილს დემეტრე ჩიქოვანს ა.გ. და გ.კ-სთან ერთად შეუსწავლია გიგა ავალიანის სამუშაო  გრაფიკი და რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში - ჩემს შვილთან მიმართებით მტკიცებულება - 0 

ამ -  0 - მტკიცებულებებით მას ედავებიან წაკითხული მაქვს საქმის 10 (ათივე) ტომი, ნანახი მაქვს ყველა ელ. მტკიცებულება და ესაა ამ საქმის რეალობა!!!!  დღეს არის საბოლოო მტკიცებულებათა გაცვლა - საქართველოს პროკურატურავ - გიმეორებთ - ვითხოვ სამართალს, ან დამიდებთ მტკიცებულებას ჩემს შვილთან მიმართებით და თუ ჩემმა შვილმა მიიღო მონაწილეობა ყოველივე აღნიშნულში და მიუძღვის წვლილი - დაე, სამაგალითოდ დაისაჯოს ან 17 იანვრიდან ვიშიმშილებ სიკვდილამდე, სანამ ყალბი გენერალური პროკურორი არ დატოვებს პოსტს!!! შეგაკვდები გიორგი გვარაკიძევ, მაგრამ არ დაგითმობ ჩემს უდანაშაულო შვილს, საკუთარ სკამს რომ ზვარაკად შესწირო!!!" - წერს დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ჩიქოვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×