
„ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ აკრიტიკებდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ გირაოს გადახდას და ამას „სისტემასთან გარიგებად" მოიხსენიებდნენ, დღეს თავად მიიჩნევენ გირაოს ბრძოლისთვის აუცილებელ წინაპირობად.
როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" აღნიშნა, პოლიტიკაში ტაქტიკა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.
გეგელიამ ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში პირადი წყენების ადგილი არ არის და მთავარი მიზანი ხელისუფლების დამარცხებაა.
„ჩვენი კოლეგები, მათ შორის, ზურა ჯაფარიძე და სხვები სხვანაირად იყვნენ განწყობილები გირაოს იდეაზე, ახლა კი სხვანაირად არის განწყობილი. სხვანაირი განწყობაა მესმის, შეიცვლება ტაქტიკები, სტრატეგიული ხედვაც. იგივე ხალხი რამდენიმე თვით ადრე აკრიტიკებდა და ლანძღავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე - როგორ იხდიან გირაოს, ეს არის სისტემასთან გარიგებააო. მაგრამ დეკემბერში, თურმე გირაო აღმოჩნდა ბრძოლისთვის აუცილებელი წინაპირობა. ასე შეიცვალა დეკემბერსა და მაისს შორის რაღაცები.
ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, რა დროს წყენებია. ჯვარი მწერია წყენებით რამეს ვაკეთებდე, პოლიტიკოსი ვარ. არ არის ჩვენი საქმე წყენები და მსგავსი, მაგრამ თანმიმდევრულობა ვნახო, სიტყვას ხომ უნდა ჰქონდეს ფასი? შეიძლება გირაო ერთ დღეს იყოს სისტემასთან გარიგება და რამდენიმე თვის თავზე იყოს საბრძოლო წინაპირობა? კი, მე მგონია, რომ ზურა თავისუფალი უნდა იყოს, რადგან მისი ინტელექტი, ბრძოლა და სულისკვეთება სჭირდება ქვეყანას",- განაცხადა გეგელიამ.
„ლელოს" ლიდერის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრში ხშირად ნახსენები „ერთობის" იდეა გაცვეთილია და გადამწყვეტ მნიშვნელობას არა ფორმალურ კოორდინაციას, არამედ შინაარსობრივ შეთანხმებას უნდა მიენიჭოს.
მისივე თქმით, წარსულში არაერთი გაერთიანების ფორმატი არსებობდა, თუმცა სტრატეგიულ საკითხებზე ხედვების განსხვავებამ ეს ერთობები არაეფექტიანი გახადა.
გეგელიას თქმით, ფორმალური ერთობები და ილუზიები პოლიტიკურ შედეგამდე ვერ მიდის და მისთვის პრიორიტეტი სწორედ „საქმიანი ერთობაა".
„ერთობა გარკვეულწილად არის გაცვეთილი საკითხი. მე არ მგონია ერთობა რაღაცის თავი და თავი. მთავარია შინაარსის ირგვლივ შეჯერება. არ ვიცი ვინ რას გულისხმობს ერთიან ფრონტში.
ირაკლი კუპრაძე შეხვდა. მე არ მიკითხავს და არ დავინტერესებულვარ შეხვედრის საკითხზე. ჩემთვის საინტერესოა არა ერთობა და კოორდინაცია, ეს ჩემთვის ძალიან დამღლელია. ჩემთვის საინტერესოა სტრატეგიული შინაარსი - რა ხედვა გვაქვს და არის თუ არა ეს ხედვა თანხვედრაში. ჩვენ, წარსულში არაერთხელ ვნახეთ ფორმატები - რვიანი, ოციანი და ა.შ., მაგრამ შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე გაიყო ხედვები, ამიტომ მე პირადად მხარს არ დავუჭერ კოორდინაციაში ყოფნას, თუ არ ვიცი, რომ ძალიან კარგად არის შეჯერებული სტრატეგიული შინაარსი. ძალიან დამღლელია ილუზიები და რაღაც ერთობები, რომელიც სინამდვილეში შეიძლება არასად არ წავიდეს. მე მინდა საქმიანი ერთობა",- განაცხადა გეგელიამ.
ამასთან, გეგელიას განცხადებით, ის ელოდება, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების დიდ ნაწილს შეიწყალებს.
გეგელიამ აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრებში გულისხმობს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და, მისი შეფასებით, უსამართლოდ არიან დაპატიმრებულები.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საქმეს უფრო რთული პოლიტიკური კონტექსტი აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეწყალება ამ საქმესაც შეეხოს.
„ველოდები, რომ შეიწყალებენ ყველა პოლიტპატიმარს, ყოველ შემთხვევაში მეტ ნაწილს. პოლიტპატიმრებში ვგულისხმობ აქციების დროს დაპატიმრებულ ახალგაზრდებს. რომლებიც ტყუილად სხედან და წლები აქვთ მისჯილი. ველოდები, რომ რეჟიმი პოლიტიკურად გადადგამს ამ ნაბიჯს. 4 ოქტომბრის საქმე თავისი არსით ბევრად უფრო რთულია, იმ კუთხით, რომ 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების" პროპაგანდისთვის არის იმ ყველაფრის „სამხილი", რა კონსპირაციული თეორიების ნარატივს გვთავაზობენ. ამიტომ, ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ 4 ოქტომბრის საქმესაც შეეხება. თუკი რეჟიმი გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ლიბერალიზაციისკენ ანუ გარკვეულ შეწყალებებს გააკეთებს, შემდეგ კი დანიშნავს არჩევნებს. იმისთვის, რომ ჩაიცემენტოს ძალაუფლება.
მე ვთვლი, რომ ნებისმიერ არჩევნებში უნდა ვებრძოლოთ ყველა ერთად",- განაცხადა გეგელიამ.