რეზონანსი
15.01.2026

ამერიკის მხრიდან გრენლანდიის მითვისების მუქარების ფონზე, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი გრენლანდიელი კოლეგა ვაშინგტონში გაემგზავრნენ - როგორც თავად იმედოვნებდნენ - სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გასამართად, თუმცა, მათი გეგმა, რომელიც მშვიდ დიპლომატიურ საუბარს ითვალისწინებდა, თეთრ სახლში დაძაბულ პირისპირ შეხვედრაში გადაიზარდა ევროკავშირის დაუძინებელ მტერთან, ჯეი დი ვენსთან, - წერს გამოცემა POLITICO.

გასული წლის განმავლობაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ძველი კონტინენტის" მიმართ მტრული დამოკიდებულებით გაითქვა სახელი. ევროპის მრავალ მთავრობას აშინებს მისი ხისტხაზოვანი გავლენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, როდესაც საქმე ეხება დიდი ხნის მოკავშირისთვის ტერიტორიის წართმევას.

„ათ მინისტრსა და მაღალჩინოსანს შორის, რომლებიც POLITICO-ს ამ სტატიისთვის ანონიმურობის დაცვით ესაუბრნენ, არცერთი არ მიიჩნევდა ვენსს მოკავშირედ - როგორც გრენლანდიის საკითხზე მოლაპარაკებებში, ისე ზოგადად, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში", - აღნიშნავს გამოცემა.

„ვენსს ვძულვართ", - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც, ამ სტატიაში ციტირებული სხვა პირების მსგავსად, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

განცხადებამ იმის შესახებ, რომ გრენლანდიის თაობაზე ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებდა, ევროპული მხარე შეაშფოთა.

„ის ხისტი მოთამაშეა", - დასძინა იმავე დიპლომატმა. „მისი იქ ყოფნის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს და ვფიქრობ, ეს შედეგისთვის უარყოფითის ნიშანია".

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მას გრენლანდიაზე „საკუთრების უფლების" მოპოვება სურს და ამას მიაღწევს ან მოლაპარაკებების გზით, ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სამხედრო ძალის გამოყენებითაც.

თეთრი სახლის მხრიდან მომავალმა აგრესიულმა რიტორიკამ ამერიკის ნატოელი მოკავშირეები შეაშფოთა და დანიის მხრიდან გაფრთხილებები გამოიწვია იმის შესახებ, რომ მსგავსი ნაბიჯი გაანადგურებს ომისშემდგომ დასავლურ ალიანსს. სხვები კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელსაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ეყრდნობა, ეს პროცესი უკვე ფატალურია.

„ცოტა თუ დაივიწყებს ევროპაში ვენსის თავდასხმებს ზელენსკიზე გასული წლის თებერვალში, ოვალურ კაბინეტში გამართული დაპირისპირებისას. ვენსმა ასევე შოკში ჩააგდო და თავზარი დასცა ევროპელებს, როდესაც ისინი მკაცრად გააკრიტიკა უკიდურეს მემარჯვენეებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო და მწარედ დაიჩივლა იმის თაობაზე, თუ რამდენად ეზარებოდა ამერიკას ევროპის უსაფრთხოების საფასურის გადახდა", - აღნიშნულია სტატიაში.

ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსნის თქმით, მაშინ როცა ტრამპის ყურადღების გადატანა შესაძლებელია, ვენსი ევროპისადმი თავის მტრობაში უფრო იდეოლოგიური ჩანს. ეს რისკის შემცველი იქნება არა მხოლოდ გრენლანდიისთვის, არამედ ნატოსა და უკრაინისთვისაც. ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატი ტრამპის ტერიტორიულ ამბიციებს იმ საერთო სურათის ნაწილად განიხილავს, რომელიც მოიცავს ვენსის თავდასხმებსა და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას - ეს უკანასკნელი კი მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის გარდაქმნას ტრამპის MAGA მოძრაობის მიზნების მისაღწევად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×