რეზონანსი
15.01.2026

მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ამირან დარჯანიას ადვოკატის, თამარ გაგუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად მონაწილეობს.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, დარჯანია არ უარყოფს, რომ გარდაცვლილ გოგოს იცნობდა - ისინი მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, თუმცა უშუალოდ მკვლელობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ის არ არის მკვდარი".

„გუშინ შევხდი მას. როგორც კი დააკავეს, მალევე დაენიშნა ადვოკატი, რადგან ის ექვემდებარება სავალდებულო დაცვას მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე. გუშინ იყო საგამოძიებო მოქმედებები. მანამდე ვნახე, მქონდა კომუნიკაცია. სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით არაფერს არ საუბრობს. კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად საუბრობს. რაც შეეხება გარემოებას, ის უარყოფს და საერთოდ გამორიცხავს. თქვა რომ ის არ არის მკვდარი. ერთადერთი ის თქვა, რომ არ არის მკვდარიო. იმას, რომ იცნობდა ამ გოგოს, მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ ამას არ უარყოფს. იმას რომ იცნობდა, არ უარყოფს, მაგრამ უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით ჩაკითხვებს გაურბის, არ საუბრობს და ჩუმად ზის. მას რეალურად აქვს ფსიქიკური პრობლემები",- განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისათვის, 14 იანვარს, თბილისში, მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×