
ზაფხულის 12-დღიანი ომის შემდეგ ისრაელმა, პრაქტიკულად, გაუნადგურა ირანს საჰაერო თავდაცვის სისტემა, სრულიად მოტიტვლებულია ირანის ცა და, შესაბამისად, ამერიკელებს უპრობლემოდ შეუძლიათ ნებისმიერი მიზნის განადგურება, თუმცა აქ არ არის სამხედრო პრობლემა, აქ არის პოლიტიკური პრობლემა, - ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.
როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, ირანი ამერიკასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, რადგან რეჟიმი განიარაღებას არ დათანხმდება.
„ირანში კრიზისი, ალბათ, არ დასრულებულა, თუმცა უახლოეს მომავალში სარაკეტო თუ საჰაერო დარტყმები არ იქნება. რასაც საერთაშორისო მედია წერს, ეს მნიშვნელოვანი დამსახურებაა ერთი მხრივ, ირანის რეჟიმის რაციონალურობის, იმ კუთხით, რომ ალბათ, რაღაც შეთანხმებაზე წამოვიდნენ და მეორე მხრივ, სამეზობლოსი. როგორც უკვე დაიწერა, საუდის არაბეთი, თურქეთი და კატარი ცდილობდნენ, ტრამპი გადაერწმუნებინათ იმისგან, რომ საჰაერო დარტყმები მიეყენებინა ირანისთვის და, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სამეზობლომ გადაარჩინა ირანი და თავად რეჟიმის იმ დონის რაციონალურობამ, რომ მიხვდნენ, ამ ხალხის სიკვდილით დასჯა ასეთ პირობებში მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა.
იმდენი ძალა, რომ ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ამერიკას ამ წუთსაც აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულის 12-დღიანი ომის შემდეგ ისრაელმა, პრაქტიკულად, გაუნადგურა ირანს საჰაერო თავდაცვის სისტემა, სრულიად მოტიტვლებულია ირანის ცა და, შესაბამისად, ამერიკელებს უპრობლემოდ შეუძლიათ ნებისმიერი მიზნის განადგურება, თუმცა აქ არ არის სამხედრო პრობლემა, აქ არის პოლიტიკური პრობლემა, რისიც საუდის არაბეთს ეშინია. საუდის არაბეთი არ არის ირანის გულშემატკივარი, პირიქით, წლების მანძილზე ისინი დაპირისპირებული სახელმწიფოები არიან, თუმცა, საუდის არაბეთს ესმის, რომ ამერიკის დაბომბვას შეუძლია სრული ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს და რეჟიმი იმ დონეზე დაასუსტოს, რომ ქვეყანაში ანარქია და ქაოსი დაიწყოს, ეს კი, პირველ რიგში, სამეზობლოს დაარტყამს. საუდის არაბეთს ერაყის შემთხვევაში უკვე ნანახი აქვს, რით მთავრდება ამერიკის ხელით რეჟიმების ჩამოგდება.
რეჟიმი თუ ამ ამბებს გადააგორებს, ეკონომიკური პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ ეს სანქციები დარჩა. კატასტროფული სანქციების ქვეშ არის ირანი და ამის მოგვარების ერთადერთი გზა არის ამერიკელებთან მოგვარება და ეს იოლი საერთოდ არ არის. ბირთვული პროგრამა იქნება თუ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ეს რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და განიარაღებას არ მოახდენს. ურჩევნია, რომ იყოს სიღარიბე და ჰქონდეთ ეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, შესაბამისად, დიდი ცვლილებებს მე ვერ ვხედავ იმიტომ, რომ რასაც ამერიკელები ეკონომიკური შემსუბუქების სანაცვლოდ სთხოვენ, ირანი ამაზე ვერ წავა, რადგან ეს იქნება რეჟიმის განიარაღება", - განაცხადა ხატიაშვილმა.