რეზონანსი
15.01.2026

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მასშტაბური ზრდის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ TAV Georgia-სთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფრანგული საავიაციო ჯგუფი GROUPE ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისთვის 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ოპერირების ვადა კი 2031 წლის ბოლომდე გახანგრძლივდება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციისთვის. ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას ფრანგულ საავიაციო ჯგუფ Groupe ADP-თან, რომლის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს. ინვესტიცია დასრულდება 2028 წლის ბოლომდე და მოიცავს ტერმინალის მასშტაბურ გაფართოებას, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის აეროპორტის რეგიონულ ავიაციურ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე,“ – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.

ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარების და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×