თამთა ჩაჩანიძე
15.01.2026

ოპოზიციაში საუბრობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ არა მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ, არამედ უკვე „ქართულ ოცნებასთანაც", რადგან მოვლენები „ირანის სცენარით არ უნდა განმეორდეს". ანალიტიკოსებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ნაკლებად სჯერათ, პრობლემას ხედავენ თავად ოპოზიციურ ფლანგზეც.

„ერთ დღეს ყველა მაინც უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს საუკეთესო გამოსავალი და სცენარია. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ოპოზიცია უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ დაპირისპირებული მხარეები, ერთ დღეს რამეზე ხომ უნდა შეთანხმდნენ?! შეთანხმდნენ იმაზე თუ როგორ შეიცვლება ხელისუფლება, რომ მოხდება ტრანზიცია. აბა მაინც და მაინც ირანის სცენარით უნდა განვითარდეს მოვლენები? მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საგარეო ფაქტორები მოქმედებს. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მოქმედებს", - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიცია მზად მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან" ერთად დასხდეს, წერეთელი „პალიტრანიუსთან" პასუხობს, რომ მოლაპარაკებამდე ოპოზიციამ უნდა შეძლოს ერთიანი ფრონტი შექმნა და საზოგადოებისთვის მკაფიო ალტერნატივის შეთავაზება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რას ნიშნავს შესაძლო ცვლილება.

ოცნებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის ნაკლებად მოსალოდნელია, ან ძირითადი ოპოზიციური პარტიები იყვნენ თანახმა „ოცნებასთან" მოლაპარაკებაზე და ან თავად მმართველი პარტია.

„რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ორი ოპოზიციური ბლოკი, მათ შორის „ახლები", პირდაპირ აცხადებენ, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობენ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ან თუნდაც მოლაპარაკების გამართვის პერსპექტივაზე ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ იმ რვა პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე მეინსტრიმული ოპოზიციის მხრიდან რაიმე დემონსტრირებულ მზაობას ვერ ვხედავ ხელისუფლებასთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე, რომ არაფერი ვთქვათ მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე. მათი აზრით, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე დაჯექი, ეს ლეგიტიმაციას ნიშნავს.

„არ ვიცი ბატონი წერეთლის ფრთხილი ოპტიმიზმი თუ სურვილი რას ემყარება. თუ „ევროპული საქართველო" ის პარტიაა, რომელიც თავისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაშინ ეს პოზიცია დანარჩენი ოპოზიციურ პარტიებთან უნდა დააფიქსიროს. არ მგონია ენმ ამაზე თანახმა იყოს.

  • „ეს ან „ევროპული საქართველოსა" და გიგი წერეთლის პოზიციაა, ან არის რაღაც მესიჯი ხელისუფლების მიმართ, რომ ოპოზიციის რიგებშიც არიან პარტიები, რომლებთანაც რაღაცაზე მოლაპარაკება შეიძლება.

„თუ მოლაპარაკება ფართო ფორმატში შედგა, რაღაც კონსესუსზე, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორი უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითარება და კიდევ სხვა ისეთი საკითხია, რაც დღის წესრიგშია და რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განხეთქილების საგანს წარმოადგენს, მაშინ ყველა მხარე უნდა დაჯდეს ერთ დიდ მაგიდასთან და იმსჯელონ, ეს უთანხმოება როგორ გადალახონ და არსებული მდგომარეობიდან როგორ გამოვიდნენ. მაგრამ, რასაც ვუყურებ, ხელისუფლებას კი უშლის ნერვებს ეს ყოველდღიური მინი-მიტინგები, მაგრამ მაინცდამაინც სერიოზულ პრობლემასაც არ უქმნის. რაოდენობრივად რომც გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს, ხელისუფლებამ მათთან გამკლავების მეთოდები ისწავლა. დღეს ხელისუფლებას დიდი მოტივაცია არცა აქვს, რომ ამ ძალებთან დიალოგი გამართოს. მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და რატომ უნდა გამართოს დიალოგი იმ პარტიებთან, რომელთა აკრძალვასაც ითხოვს?! რაც შეეხება გახარიას პარტიას, საპარლამენტო ოპონირების რეჟიმშია, რაც „ქართულ ოცნებას" ძალიანაც აწყობს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღეს ასეთი მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს.

  • „ამ პირობებშო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია. მოლაპარაკება რაზე უნდა იყოს, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობაზე წავიდეს, მაგალითად ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, გააუქმოს რუსული და სხვა რეპრესიული კანონები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიიღეს.

„ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს, ეს დე ფაქტო ვითარების გათვალისწინებაა, მაგრამ მეორე მხრივ არაა მოსალოდნელი, რომ დღეს „ოცნება" მოლაპარაკებებზე წავიდეს, პირველ რიგში ის არაა დაინტერესებული, მას დღეს არაფერზე არ სურს პასუხისმგებლობის აღება. როცა მათ სანქციების გამო პრობლემა შეექმნებათ, ან თუ ზეწოლა გაძლიერდა, მაშინ შესაძლოა ამაზე წავიდნენ", - განაცხადა ჩიტაძემ.

ოპოზიციის გახლეჩვის მიზეზები და ერთ მაგიდასთან დასხდომის პერსპექტივა

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ თავად ოპოზიციის ერთ მაგიდასთან დაჯდომა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რთულია.

„პრაქტიკულად რთულად განსახორციელებელია, რადგან შედარებით რადიკალურ ფლანგზე ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა, ურთიერთმიუღებლობაა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

„ოპოზიციის ბანაკში ყველას უნდა, რომ პირველი იყოს და გემის ქონგურაზე კაპიტანი და ასე არ გამოდის. გემს უნდა ჰყავდეს ან ერთი კაპიტანი, ან ფუნქციები რაღაცნაირად დელეგირებული უნდა იყოს. თუ არა და, მაშინ ყველა ოპოზიციური პარტია მიუხედავად მათი ზომისა, თუ გავლენისა თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, რომ არცერთმა დაჩქაგრულად არ იგრძნოს თავი და ამის მიღწევაა ძნელი.

„ყველას უნდა თავისკენ რაც შეიძლება მეტი მიითვალოს - ენმ ამბობს, რომ მე მეტი ელექტორატი მყავს, გამართული პარტიული სტრუქტურა მაქვს და რატომ უნდა გავუტოლდე რომელიღაც სამკაციან პარტიასო. ასვე პიროვნული მიუღებლობაა, მაგალითად „ფედერალიდტების" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი ყველას შეუბრალებლად აკრიტიკებს, რომლებიც მის მოსაზრებას არ ეთანხებიან. ეს უნდობლობის კლიმატს ქმნის და ამის გადალახვა რთულია. სერიოზული რამ უნდა მოხდეს, რომ ამ პარტიებმა ერთ მაგიდასთან დასხდომა შეძლონ, როგორც ეს 2003 წლის რევოლუციის წინ მოხდა, თუმცა დღეს ეს სიტუაცია არაა. მათი დასავლელი პარტნიორებიც ვეღარ გარკვეულან, ვისთან დაიჭირონ ურთიერთობა, ხედავენ ოპოზიციურ ბანაკში ქაოტური მდგომარეობაა, მათი ყველა მცდელობები, მათ შორის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად დაენიშნათ, მარცხით დამთავრდა. ბრიუსელის დეკლარაცია, რომელზეც რვა პარტიამ მოაწერა ხელი, თანამშრომლობისთვის იყო გამიზნული, მაგრამ ესეც ჩავარდა."

ნიკა ჩიტაძე კი გვეუბნება, რომ ოპოზიციას ახლა უკან დასახევი გზა არა აქვს.

„ოპოზია ერთ მაგიდაზე მოსალოდნელია რომ დაჯდეს, რადგან უკანდასახევი გზა არ აქვთ. გახარიას პარტია ალბათ ენმ-სთან არ დაჯდება, მაგრამ სხვები მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის, მათ შორის „ლელო".

„ოპოზიციის მოლაპარაკებებს ერთადერთი შეიძლება გახარია არ შევიდეს, ის პარლამენტშია და ხელისუფლებასთან გარიგებულად ითვლება",- განაცხადა ჩიტაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×