
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის სამიტის შედეგები უგულებელყო და მაინც აპირებს უკრაინისთვის დიდი ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას.
ორბანის თქმით, ბრიუსელს არ აწუხებს რუსული საომარი მანქანის წინსვლა, ევროპის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ევროპის მოქალაქეთა შეხედულებები.
„ბრიუსელი უკან არ იხევს. გუშინ კომისიამ უკრაინის დაფინანსების გეგმა წარადგინა. ამით ისინი უგულებელყოფენ არა მხოლოდ დეკემბერში ევროკავშირის სამიტის შედეგებს, არამედ თავად რეალობასაც. ისინი რუსული რეპარაციების შესახებ ოცნებობენ და კვლავ ომის დაფინანსებასა და უკრაინისთვის უპირობო დაფინანსების მიწოდებაზე არიან ორიენტირებული. არ აწუხებთ რუსული საომარი მანქანის წინსვლა, ევროპის მძიმე ფინანსური მდგომარეობა ან ევროპის მოქალაქეთა შეხედულებები. ისინი ომის გზას ადგანან. ევროპაში თითქმის არ დარჩენილა ისეთი მთავრობა, რომელსაც მათ წინააღმდეგ წასვლა შეუძლია“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ამასთან, ორბანი აღნიშნავს, რომ ბუდაპეშტი არ აპირებს, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ბრიუსელის ზეწოლას.
„უნგრეთი გამონაკლისია. ბოლო წლებში ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი თავის დაცვა. ფინანსური კრიზისის დროს, დამზოგავი ზომების ნაცვლად, სამუშაოზე დაფუძნებული ეკონომიკა და ოჯახზე ორიენტირებული მოდელი ავირჩიეთ. მიგრაციული კრიზისის დროს ჩვენ საზღვრები დავხურეთ და მას შემდეგ არალეგალი მიგრანტები გარეთ არიან. ომის დაწყებიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ უნგრეთი კონფლიქტიდან და მისი დაფინანსებიდან გაგვეყვანა. ბრიუსელი ამის მშვიდად ჩავლას არ დაუშვებს. გუშინდელმა განცხადებამ ეს ნათლად აჩვენა. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ეროვნული პეტიციის შემუშავებას. უნგრეთი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ბრიუსელის ზეწოლას. ჩვენ გვჯერა, რომ ომის, მშვიდობისა და ჩვენი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხის მხარდაჭერითა და ჩართულობით უნდა იქნას მიღებული. ასე გავაგებინებთ ჩვენს პოზიციას ევროპასა და მსოფლიოს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანმა.