
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს, საქართველოდან ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 11,5 მლნ ლიტრი 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, 2024 წელთან შედარებით, 7%, ხოლო რაოდენობა 2%-ით გაიზარდა.
გასულ წელს, ქართული ღვინო ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით პოლონეთში გაიყიდა, სადაც 6,8 მლნ ლიტრი ღვინო იყო ექსპორტირებული. მეორე ადგილზე გერმანია - 1,3 მლნ ლიტრი, შემდეგ ლატვია - 1,2 მლნ ლიტრი, ლიეტუვა - 703,5 ათასი ლიტრი, დიდი ბრიტანეთი - 327,7 ათასი ლიტრი, ესტონეთი 271 ათასი ლიტრი და ა.შ.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია: 2025 წელს ექსპორტირებული იყო 133 ათასამდე ლიტრი; ზრდამ, 2024 წელთან შედარებით, 63% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. ევროპის ქვეყნებიდან ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე პრიორიტეტულია სკანდინავიის ქვეყნები, სადაც სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ ევროპის ყველა მნიშვნელოვან ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენებში.