
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, 17 იანვარს პროკურატურასთან დადგეგმილი აქცია გადაიდო. კუპატაძე წერს, რომ პროკურატურამ მას საქმის მასალები გადასცა.
"ხალხის უდიდესი და უანგარო თანადგომით მოვახერხე, რომ დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა! ყველა ინფორმაციას მოგაწოდებ საზოგადოებავ, თქვენთან ვალში ვარ!
დღეს მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გადმომეცა საქმის მასალები, ჩავუჯდები დეტალებს და რისხვის ტალღა მერე ნახონ!!!
ცოტა ხნით აქციის გადადება მომიწევს, მე არ მინდა აქცია აქციისთვის. აქცია მინდა ბრძოლისთვის! ამიტომ, ჯერ ვნახავ რა დევს საქმის მასალებში და ბრძოლის სტრატეგიას იმის მიხედვით განვსაზღვრავ.
მე ვცოცხლობ გიგასთვის! ჩემი ხერხემალი ჩემი გიგას ღირსებაა! სახელმწიფოს ხერხემალი სამართალია!" - წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი საქმის მალასების გადაცემას, გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვდნენ. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა.
შეგახსენებთ, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 4 არასრულწლოვანი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის."
ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.