რეზონანსი
14.01.2026

საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, ამ ერთ კონკრეტულ პროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.

„კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ეფექტი ექნება "იგლ ჰილსის" საინვესტიციო პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე - 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას, წლის განმავლობაში. 10 წლის განმავლობაში წლიურ ჭრილში, საშუალოდ, შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტიდან. ამხელა მოგება ექნება როგორც ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტს და გარდა ამისა, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი პროექტის დასრულების შემდეგ. 

ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს ამხელა ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე", - განაცხადა პრემიერმა.

პარალელურად, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ „ეს იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში“.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული. გვქონდა შეხვედრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებთან. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიები, რომლებსაც აქვთ კაპიტალდაბანდების ინტერესი. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე „აბუ-დაბი პორტებთან", რომელსაც აქვს უკვე მიმდინარე პროექტი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომლის განხორციელების მეორე ფაზა დაიწყო. გვქონდა სხვა მიმართულებით კომპანიასთანაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბარი.

გვქონდა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხით არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის, ასევე კონკრეტულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

ასევე გვქონდა გამოსვლა უშუალოდ ცენტრალურ ღონისძიებაზე სამიტის ფარგლებში, სადაც საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის გეგმებს ენერგეტიკის მიმართულებით და ასევე დაკავშირების მიმართულებით. მთლიანობაში ვიტყვი, რომ იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×