
ამ ქმედებას გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს, მომდინარე ევრობიუროკრატების მხრიდან. წარმოიდგინეთ, რამხელა ცინიზმია ჩადებული ამ ყველაფერში, - ასე შეაფასა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეო.
მისი თქმით, ევროკავშირის საელჩოს ეს ქმედება დემონსტრირებაა იმ მიზნების, რომელიც ევრობიუროკრატებს საქართველოს მიმართ გააჩნიათ.
„ეს არის მორიგი ფარისევლობა ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან თუმცა ეს არ არის მათი საავტორო მილოცვა, არამედ ამ ქმედებას გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს, მომდინარე ისევ და ისევ ევრობიუროკრატების მხრიდან და იმ დამოკიდებულების მანიშნებელია და დემონსტრაციას ახდენს იმ მიზნებისა, რომელიც შეიძლება გააჩნდეთ ევრობიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით.
წარმოიდგინეთ, რამხელა ცინიზმია ჩადებული ამ ყველაფერში, როდესაც სახელმწიფო დროშა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სიმბოლო, რომელიც არის ერთგვარად გამაერთიანებელი მთელი ერისა, ინტეგრალური ფუნქცია გააჩნია და დატვირთვა მას და მეორე მხრივ, ეს დროშა მათ მიერ მომზადებულ „მილოცვაში“ არის აბსოლუტურად მრუდე ფორმით წარმოდგენილი, როგორც ისევ და ისევ ურთიერთდაპირისპირების, შუღლის და ძალადობის ფონზე დემონსტრირება ამ ყველაფრის. ეს რა თქმა უნდა არის მლიქვნელობა. საზოგადოება დარწმუნებული ვარ, რომ საკადრის პასუხს გასცემს რა თქმა უნდა ისევ და ისევ ღირსებით, ღირსეული დამოკიდებულებით და იმით, რომ როდესაც ისინი მათ შორის იხსენებენ ამა თუ იმ პოეტურ ნაწარმოებს, „გადანახულ დროშებს“ - ასე ეწოდება ლექსს, რომელიც მათ გაახსენდათ და რამდენიმე სტროფი მოიყვანეს, ამ დროს არა გადანახვის ფორმით და არა გადამალვის ფორმით არამედ ძალიან ამაყად აფრიალებულ საქართველოს სახელმწიფო დროშებს დავუპირისპირებთ. ის ძალები, რომლებიც მტრულად არიან საქართველოს მიმართ განწყობილები, არა ერთხელ იხილავენ სწორედაც საქართველოს სახელმწიფო დროშას აფრიალებულს ძალიან ამაყად, ნიშნად ჩვენი ქვეყნის მორიგი გამარჯვებებისა. ასე, რომ მათ ეს ხრიკები არ გაუვათ“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ევროკავშირის საელჩო საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.
როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს“ ზეიმობენ, საქართველოს ჰიმნის ფონზე კი, გამოყენებულია 2024 წელს, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციებიდან კადრები.