რეზონანსი
14.01.2026

გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა საქართველოს მთვარობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის სამ ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

განკარგულება 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

„აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია. ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა აუცილებელია გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

პლასტმასით დაბინძურების შესაფასებლად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მდინარე რიონის აუზის 13 უბანზე ჩატარებულმა შეფასებებმა დაადასტურა პლასტმასის ნარჩენების დომინირება ყველა ლოკაციაზე. ამასთან, დადგინდა, რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე, ზოგიერთ უბანში თითქმის ოთხ ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²), რაც ხაზს უსვამს პრობლემის მასშტაბურობასა და გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობას.

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარება მნიშვნელოვნად მაღალია და ყოველწლიურად დაახლოებით 613.5 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც დაახლოებით 3.9–5.9 ათასი ტონაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომელიც 2026 წლის პირველი აპრილიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სამ ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენას კრძალავს. განკარგულების ამოქმედება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×