რეზონანსი
14.01.2026

მიმდინარე წლის 10 იანვარს, თეთნულდის მთაზე სრიალის დროს, ზვავში მოყოლილი პირი ქეთი ფალიანია. ამის შესახებ ქეთი სოციალურ ქსელში თავად წერს. მისი თქმით, ზვავი გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჩამოწვა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზვავში რუსი ტურისტების ჯგუფი მოყვა, სიცრუეა.

„მოგესალმებით, ორი დღის წინ, კურორტ თეთნულდზე, ერთ-ერთ ფერდზე სრიალისას, მოწყდა ზვავი და ისე მოხდა, რომ მე გადამიარა ამ ზვავმა, მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ამ ზვავში მოყვა. აქვე ვიტყვი, რომ რაც კი რამე არსებობს საზვავე უსაფრთხოებაზე და რეალურად იმ მომენტში რაც მჭირდებოდა, ყველაფერი ერთად გამახსენდა და მაქსიმალურად ვებრძოლე, მაგრამ ვერ დავრჩი ზედაპირზე - ზვავმა ჩამითრია, გადამიარა და დამმარხა. რატომ მოწყდა ზვავი და მსგავსი კითხვებით ვინც ხართ, გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი პროცესია და მსგავსი შემთხვევებიც, სამწუხაროდ, ხდება. გავრცელებულ ინფორმაციასაც გიდასტურებთ, რომ იყო გიდების სკოლის მიერ განხორციელებული შეკრება და ამ შეკრებაზე მოხდა ეს არასასიამოვნო ფაქტი. ჩემი ზვავიდან ამოყვანა მალევე მოხერხდა, რისთვისაც ამ კურსის სტუდენტებს დიდ მადლობას ვუხდი. მადლობა ასევე ჩემს ძმას, რომელმაც წამებში მოახდინა პრევენცია ამ სიტუაციაში. 

მადლობა კურორტ თეთნულდის სამშველო ჯგუფს, რომლებმაც თავგანწირული შრომითა და ზრუნვით გადამიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ასევე მადლობა მესტიის საავადმყოფოს სწორი და სწრაფი რეაგირებისთვის და მკურნალობისთვის. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც იმ მომენტში, იქ იმყოფებოდა და ჩემზე ზრუნავდა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით. გავრცელდა ასევე, რომ კიდე ვიღაც მოყვა ამ ზვავში და საზვავე აღჭურვილობა არაფერი არ გააჩნდა, რაც სრული სიცრუეა. არავინ, ჩემ გარდა არ მოყოლილა ზვავში. ძალიან გთხოვთ, არასწორ ინფორმაციებს ნუ ავრცელებთ! ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსი ტურისტების ჯგუფი მოყვა ზვავში, რაც აგრეთვე სიცრუეა. აქვე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მომხდარი ფაქტი გულთან ახლოს მიიტანა და გამამხნევა. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის! სამწუხაროდ, დროებით ვეღარ ვაგრძელებ სრიალს. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ქეთი ფალიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×