რეზონანსი
14.01.2026

ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნას განიხილავს - ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პარიზისა და რომის ინიციატივის შემდეგ, ამ გავლენიან თანამდებობაზე წამყვან პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ასახელებენ.

გამოცემის ცნობით, ევროპის მთავრობები ზეწოლას ახდენენ ევროკავშირზე, რათა დანიშნოს მომლაპარაკებელი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მათ ინტერესებს წარმოადგენს, რადგან შიშობენ, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან შეთანხმებას მათ ზურგს უკან მიაღწევს.

გეგმის მხარდამჭერებმა, მათ შორის, საფრანგეთმა და იტალიამ, უკვე მოიპოვეს მხარდაჭერა ევროკომისიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ამ პოსტის შექმნისთვის, - განუცხადა POLITICO-ს სამმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა, რომლებმაც მიმდინარე კონსულტაციებზე საუბრის გამო, ანონიმურობა მოითხოვეს.

ისინი ამბობენ, რომ ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეინარჩუნოს თავისი წითელი ხაზები, როგორიცაა უკრაინის პოტენციური მომავალი წევრობა ნატოში, თუ ევროკავშირს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი ექნება.

„ეს უპრეცედენტო ნაბიჯი მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს იმ მხრივ, თუ როგორ ჩაერთვება ევროპა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ მოლაპარაკებებში და ეს ხდება მაშინ, როდესაც კონტინენტი ცდილობს აჩვენოს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელიც ოთხწლიან ომს დაასრულებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ბოლო კვირების განმავლობაში გააერთიანეს ძალები, რათა მოუწოდონ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვას, დიპლომატიური არხების გახსნისკენ, მაშინაც კი, როდესაც თეთრი სახლის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია", - წერს POLITICO.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×