რეზონანსი
12.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-სთვის აკეთებს იმას, რაც სწორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ყოველთვის მჯეროდა, რომ როდესაც ადამიანები ალიანსს ეხმარებიან, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ. დონალდ ტრამპი ნატო-სთვის სწორ საქმეს აკეთებს, როდესაც ყველას მოგვიწოდებს, მეტი დავხარჯოთ, რათა აშშ-ის ხარჯებს შეესაბამებოდეს. ჩვენ ძალიან წარმატებული სამიტი გვქონდა ჰააგაში, სადაც შევთანხმდით თავდაცვის ხარჯების 5%-იან ოდენობაზე, მათ შორის 3,5%-ზე ძირითადი თავდაცვისთვის. დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპის გარეშე ჰააგის სამიტზე ამ შედეგს ვერასდროს მივაღწევდით“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, არქტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ალიანსის ყველა მოკავშირე თანხმდება.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, ყველა მოკავშირე თანხმდება არქტიკისა და არქტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, რადგან ვიცით, საზღვაო გზების გახსნით, არსებობს რისკი, რომ რუსები და ჩინელები უფრო აქტიურები იქნებიან“, – აცხადებს მარკ რუტე და აღნიშნავს, რომ ამჟამად ალიანსი მუშაობს შემდეგ ნაბიჯებზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ „კოლექტიურად დაიცვას ის, რაც სასწორზე დევს“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მოკავშირეების მიერ არქტიკის დასაცავად ძალისხმევის გააქტიურებას მიესალმება და აცხადებს, რომ ალიანსი სწორი მიმართულებით მუშაობს, რათა დანიას თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმაროს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს, ალიანსს კიევის მხარდაჭერაში ხელი შეუშალოს, რაც, მისივე თქმით, შეუძლებელია.

„რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომი გრძელდება. ჩვენ მხოლოდ გასულ კვირას ვიხილეთ ლვოვზე „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება და სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. რუსეთი ცდილობს, უკრაინის მხარდაჭერაში ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შეგვაჩერებს, რადგან უკრაინა მკაცრი ზამთრის პირობებში უზარმაზარ ზეწოლას განიცდის. თქვენი და ნატო-ს ყველა მოკავშირის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა მარკ რუტემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×