ნატალია ჯვარიძე
12.01.2026

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი არ ქრება - მომიტინგეები წვავენ სამთავრობო და სხვადასხვა დაწესებულებებს. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კი იზრდება. ქვეყანაში მეოთხე დღეა ინტერნეტი არ არის, რაც კიდევ უფრო ართულებს რეალური სურათის დანახვას. ირანის მთავრობა არეულობებში აშშ-ს ადანაშაულებს. პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ ირანის ხელისუფლებას ვაშინგტონტან დიალოგი სურს.

ტრამპის განცხადებით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელთან, მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე საუბარს გეგმავს.

„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა მასკის კომპანია SpaceX-თან, რომელიც ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს.

„როიტერი" ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს.

ამასთან, BBC-ი წერს, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზია და სხვა ირანული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ სიტუაცია დედაქალაქში წუხანდლის შემდეგ მშვიდია.

გამოცემის ინფორმაციით, ძალიან რთულია ირანში მიმდინარე მოვლენების ზუსტი სურათის მიღება, თუმცა, BBC-მ მიიღო ინფორმაცია ირანში არსებული წყაროებიდან, რომლებმაც ინტერნეტთან მომენტალურად დაკავშირება ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ Starlink-ისა და სხვა მეთოდების გამოყენებით შეძლეს.

BBC-ის სამმა წყარომ განაცხადა, რომ გასულ კვირას საპროტესტო აქციების დარბევა ინტენსიური იყო.

ამასთან, BBC Persian-ის ინფორმაციით, მოქალაქეებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინებები, რომელიც ხალხს მოუწოდებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მთავრობის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ.

სააგენტო NetBlocks-ის ცნობით კი, რომელიც ინტერნეტ კავშირის დაკვირვებას ახდენს, ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვა სამ დღეზე მეტია გრძელდება.

დაიწყება თუ არა დიალოგი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით დაურეკეს.

„გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ირანულ მხარეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, „მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის".

ასევე, მისი თქმით, ქვეყანაში „სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა".

„ის, რაც ახლა ხდება, არ არის საპროტესტო აქციები, ეს არის ტერორისტული ომი ქვეყნის წინააღმდეგ. ირანის ხელისუფლებას აქვს ტერორისტული ელემენტებისთვის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებების აუდიოჩანაწერები, სადაც მათ მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანებას აძლევენ", - აღნიშნა არაღჩიმ.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი და სისხლიანი სახე მიიღო, „რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩარევის საბაბი მისცენ".

„სწორედ ამიტომ გადაიქცა დემონსტრაციები ძალადობრივად და სისხლიანად, რათა ამერიკის პრეზიდენტს ჩარევის საბაბი მიეცეს", - აღნიშნა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილებამ „მოტივაცია მისცა ტერორისტებს, თავს დასხმოდნენ მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს უცხოური ძალის ჩარევის გამოწვევის მიზნით".

„ჩვენ მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის", - აღნიშნა არაღჩიმ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ირანის მთავრობამ არაფორმალური სიგნალი გაგზავნა, რადგან გაიგოს ამერიკული მხარე გამოსვლებში გარეულია, თუ არა.

„მე უფრო მგონია, რომ ირანიდან დიალოგის შესახებ არავითარი ზარი არ იყო. თუმცა, გამორიცხულიც არ არის, ვინაიდან ირანს ხშირად ორმაგი სტანდარტები აქვს. შესაძლოა ისინი არაფორმალურად ამერიკელებთან გავიდნენ, რომ გაიგონ ისინი იმ აჯანყებაში გარეულები არიან, თუ არა. ანუ მოსინჯონ, რადგან ამერიკული მხარე გამოირიცხოს, ვინაიდან თუ ამერიკა ირანს თავს დაესხმევა, შესაძლოა ამან ხელახალი კონფლიქტური რევოლუცია გამოიწვიოს. როგორც ჩანს, ეს ირანის ხელისუფლებას აშინებს. მითუმეტეს, რომ ამ გამოსვლებმა საშუალო კლასიც კი ჩაითრია. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ირანმა არაფორმალური სიგნალები გააგზავნა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი კი აცხადებს, რომ ირანში „ეროვნული ამბოხის ახალი ეტაპი" დაიწყო და მოუწოდებს დემონტრანტებს, შენობები დაიკავონ.

მისივე თქმით, ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობების რიცხვის ზრდა აჩვენებს, რომ „რეჟიმი შეშინებულია დასასრულის მოახლოებით".

რეზა ფაჰლავი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, სადაც ირანში მონარქიის დამხობის შემდეგ გაემგზავრა. ის პროფესიით მფრინავია, რომელმაც აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში მომზადება გაიარა. ის ირანში მონარქიის აღდგენას არ ითხოვს, თუმცა მხარს უჭერს რეფერენდუმის გამართვას, რომელზეც ირანელები თავად აირჩევენ ქვეყნის მმართველობის ფორმას.

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს.

სურათზე დონალდ ტრამპი გამოსახულია სარკოფაგში, რომელიც იმსხვრევა. კარიკატურას ახლავს წარწერაც: „ესეც დამხობა".

პოსტში ხამენეი წერს, რომ ხშირად მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სიძლიერისა და საკუთარი სიამაყის პიკზე არიან, მოულოდნელად მარცხდებიან.

პოლიტიკური განცხადებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანაში „სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშაა".

მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში უცხოელ დიპლომატებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა „ტერორისტული ომია" და სამთავრობო შენობებს, პოლიციის განყოფილებებსა და ბიზნეს კომპანიებს „ტერორისტული ელემენტები" დაესხნენ თავს.

„ის, რაც ახლა ხდება, არ არის საპროტესტო აქციები, ეს არის ტერორისტული ომი ქვეყნის წინააღმდეგ. ირანის ხელისუფლებას აქვს ტერორისტული ელემენტებისთვის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებების აუდიოჩანაწერები, სადაც მათ მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანებას აძლევენ", - აღნიშნა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილებამ „მოტივაცია მისცა ტერორისტებს, თავს დასხმოდნენ მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს უცხოური ძალის ჩარევის გამოწვევის მიზნით".

„ჩვენ მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის", - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი მტკიცებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი და სისხლიანი სახე მიიღო, „რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩარევის საბაბი მისცენ".

„სწორედ ამიტომ გადაიქცა დემონსტრაციები ძალადობრივად და სისხლიანად, რათა ამერიკის პრეზიდენტს ჩარევის საბაბი მიეცეს", - აღნიშნა არაღჩიმ.

ამასთან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, ირანის მთავრობის მხრიდან მომიტინგეებზე ძალადობა სისუსტის გამოვლინებაა. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდა მოდისთან შეხვედრის დროს აღნიშნა.

„მოვუწოდებ ირანის მთავრობას, მუქარის ნაცვლად, დაიცვას მოქალაქეები. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ თეირანის ხელმძღვანელობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას. ძალადობა არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამოვლინებაა. ძალადობა უნდა დასრულდეს", - აღნიშნა მერცმა.

ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირაა, ირანის ქუჩებში გადის სულ უფრო მეტი ადამიანი, რომლებიც მშვიდობიანად ითხოვენ თავისუფლებასა და უკეთეს ცხოვრებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×