რეზონანსი
12.01.2026

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი ვარაუდობს, რომ ევროკავშირს 100 000-კაციანი არმია დასჭირდება.

კუბილიუსის თქმით, ევროკავშირს თავდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმა სჭირდება, მათ შორის პოლიტიკურ დონზე. მისივე მოსაზრებით, ევროკავშირის თავდაცვის საკითხებში უნდა იყოს ჩართული დიდი ბრიტანეთიც.

„იქნებოდა აშშ-ის შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერი, თუ 50-ვე შტატს განცალკევებული არმიები ეყოლებოდა, ნაცვლად ერთი ფედერალური არმიისა? 50-ვე შტატს საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა და ბიუჯეტი რომ ჰქონოდა, ნაცვლად ერთი საერთო თავდაცვითი პოლიტიკისა და ბიუჯეტისა? თუ ამ კითხვაზე პასუხია – არა, აშშ-ის არმია ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა უფრო ძლიერი, მაშინ ჩვენ რას ველოდებით?“ – განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ევროპის დღეს არსებული სისტემის ფარგლებში თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა, პოლიტიკურ დონეზე სერიოზული რეფორმების გარეშე, ვერ დააკმაყოფილებს საჭიროებებს, რადგანაც პრობლემას ქმნის ერთსულოვნების ნაკლებობა.

„ჩვენ უნდა დავაბანდოთ ფული ისე, რომ შევძლოთ ბრძოლა როგორც ერთიანმა ევროპამ, და არა როგორც 27 ეროვნული ჯუჯა არმიის კრებულმა“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

კუბილიუსს ასევე სურს ევროპული უშიშროების საბჭოს დაფუძნება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას დიდ ბრიტანეთსაც შესთავაზებენ.

„ევროპული უშიშროების საბჭო შეიძლება შედგებოდეს მუდმივი წევრებისა და რამდენიმე დროებითი წევრისგანაც, რომელთა როტაციაც მოხდება. ამ საბჭოს ეყოლება თავმჯდომარე ქვეყანაც და ასევე მის შემადგენლობაში შევა ევროკავშირის ხელმძღვანელობა: კომისია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. სულ 10-12 წევრი, რომლებიც განიხილავენ ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს და არა მხოლოდ იმსჯელებენ, არამედ მიიღებენ სწრაფ გადაწყვეტილებებს“, – აცხადებს კუბილიუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×