
ევროპარლამენტარმა, ეკა ზღულაძის ქმარმა, რაფაელ გლუკსმანმა აღმოაჩინა, რომ მისი ბაბუა, რუბინ გლუკსმანი, სტალინის აგენტი იყო და დასავლეთში კომუნიზმის პროპაგანდას ეწეოდა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტურ ფილმში - "გლუკსმანები, ოჯახის ისტორია". დოკუმენტურ ფილმს მაყურებელი ტელეარხზე "საზოგადოებრივი სენატი" სრულად 31 იანვარს იხილავს.
ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა სწორედ აღნიშნული ფილმით შეიტყო, რომ ის საბჭოთა აგენტის შთამომავალია.
"მე სიამოვნებით დავჯდებოდი მასთან და მის ისტორიას მოვისმენდი", - განუცხადა რაფაელ გლუკსმანმა Le Parisien-ს.
მისი ბაბუა რუბინ გლუკსმანი კი, როგორც ირკვევა საიდუმლო აგენტი იყო და სტალინს ემსახურებოდა. ის ბოლშევიკური რევოლუციის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად დაიქირავეს. ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში ებრაულ ოჯახში დაიბადა, შემდეგ სიონიზმით მოხიბლული პალესტინაში ემიგრაციაში წავიდა, სანამ საბოლოოდ კომუნიზმს მიიღებდა. რამდენიმე ენის თავისუფლად ცოდნამ სსრკ-ში მისი დაქირავება განაპირობა.
რუბინ გლუკსმანმა სამხედრო სამსახური გერმანიაში დაიწყო, სადაც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს რესპუბლიკელ წინააღმდეგობის მებრძოლებს იარაღით ამარაგებდა. შემდეგ ის საფრანგეთსა და ინგლისში გაემგზავრა, სადაც 1940 წელს ის ბრიტანულმა კონტრდაზვერვამ დააპატიმრა, რის შემდეგაც კანადაში გააძევეს, მაგრამ გემი, რომელზეც ჩრდილოეთ ამერიკაში გაგზავნეს, გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა.