რეზონანსი
11.01.2026

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა კანადასთან და ავსტრალიასთან ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა, - წერს GB News-ი.

გამოცემა იტყობინება, რომ სოცქსელი სკანდალში მისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის, Grok-ის გამო გაეხვა, რომელიც ქალებისა და ბავშვების სურათების გენერირებისთვის გამოიყენებოდა.

„ახლა დაუნინგ სტრიტი სხვა ქვეყნებთან სამმხრივი ერთობლივი რეაგირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, ავსტრალია და კანადა იზიარებენ კირ სტარმერის შეშფოთებას deepfake საკითხთან დაკავშირებით“,

- აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ, განაცხადა: „ვფიქრობ, სრულიად ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ეს ინსტრუმენტი [deepfake] Grok-ის მეშვეობით ადამიანების სურათების შესაქმნელად გამოიყენეს. ეს არის იმის მაგალითი, რომ სოციალური მედია არ იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას. ავსტრალიელები და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ“.

კანადელი ლიბერალი პარლამენტარები კი ჯერჯერობით უარყოფენ, რომ მათი ქვეყანა პლატფორმის აკრძალვას აპირებს - ერთ-ერთმა მათგანმა, ტორონტოს ცენტრის წევრმა ევან სოლომონმა, პირობა დადო: „კანადა არ განიხილავს X-ის აკრძალვას“.

„დიდი ბრიტანეთი დაიმუქრა, რომ კიდევ უფრო შორს წავა და ონლაინ უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაბამისად, X-ს მთლიანად აკრძალავს, თუ ბატონი მასკი არ ამოიღებს ფუნქციას, რომელიც უხამსი სურათების გენერირების საშუალებას იძლევა.

„ასეთი ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელმაც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საზღვარგარეთ ცენზურას ეწინააღმდეგება“, - წერს GB News-ი და აღნიშნავს იმასაც, რომ ილონ მასკმა ლეიბორისტებს „ფაშისტები“ უწოდა, რომლებიც „ცენზურისთვის ნებისმიერ საბაბს ეძებენ“ მისი პლატფორმის წინააღმდეგ.

გამოცემის თანახმად, ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ, X-ის დაბლოკის შემთხვევაში კირ სტარმერისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მუქარა გააჟღერა.

„საიტის დაბლოკვა ბრიტანეთს ისეთ ქვეყნებთან დააახლოებს, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და რუსეთი. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე ქვეყნის კოორდინირებული მოქმედება მასკს ძლიერ გზავნილს გაუგზავნის“, - წერს GB News-ი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×