
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა, ბუნებრივი აირის კი შემცირდა - ამაზე მიუთითებს „საქსტატის“ მონაცემები. კერძოდ, თუ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, ქვეყანამ 326.5 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა, 2025-ში იმპორტის მოცულობა, 325.433 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შემცირდა აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, რუსულის კი გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2024 წლის 11 თვეში რუსეთში 108.552 მლნ დოლარის ღირებულების გაზი ვიყიდეთ, 2025 წელს იმპორტმა 123.140 მლნ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანიდან კი გაზის იმპორტის მოცულობა 217.949 მლნ დოლარიდან 202.293 მლნ დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქ იმპორტის მნიშვნელოვანი, 141%-იანი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, თუ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველომ მეზობელ ქვეყნებში 14.373 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში, დენის იმპორტის მოცულობამ 34.676 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, რუსეთიდან კი შემცირდა. კერძოდ: აზერბაიჯანი - 22.255 მლნ დოლარი (2024 წელს 3.384 მლნ დოლარი) ზრდა 557%; სომხეთი - 5.575 მლნ დოლარი (2024 წელს 39.5 ათასი დოლარი) - ზრდა 14 000%; რუსეთი - 6.846 მლნ დოლარი (2024 წელს 10.949 მლნ დოლარი) - კლება 37.4%.