თამთა ჩაჩანიძე
08.01.2026

ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავებული რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერ „მარინერას" ეკიპაჟის 28 წევრიდან 6 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის გემის კაპიტანიც - რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ეს ცნობა საქართველოს ხელისუფლებისათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ამასთან, დაკავებულების ვინაობისა და მოქალაქეობის შესახებ ამერიკულ მხარეს რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსულ სამთავრობო ტელეარხ „რასიას" მიერ 8 იანვარს გარცელებული ცნობით, დაკავებული „მარინერას" ეკიპაჟი 28 წევრისგან შედგება, საიდანაც 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 საქართველოსი, მათ შორის კაპიტანი და ორიც რუსეთის მოქალაქე. ან ინფორმაციას ჯერჯერობით არცერთი სხვა წყარო არ ადასტურებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებენ, რომ ამის შესახებ ღია წყაროებიდან შეიტყვეს და ახლა ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსული მედიის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის წევრთა მოქალაქეობასა და ეროვნებაზე გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციური ხასიათისა, თუმცა, მისივე თქმით, თუ დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა დადასტურდა, აშშ-ში საქართველოს საელჩო აქტიურად უნდა ჩაერთოს საქმეში.

მოვლენების ქრონოლოგია

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელისკენ მიმავალ-მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება გასცა, აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა კარიბის ზღვაში აღნიშნული ტანკერის დაკავება სცადა, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა. ტანკერმა, რომელსაც მანამდე „ბელა 1" ერქვა, ახლა „მარინერად" გადაკეთდა და ხელახლა დარეგისტრირების შემდეგ გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით ცურვა განაგრძო.

6 იანვარს „სი-ბი-ეს ნიუსს" ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რუსეთმა გაგზავნა წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო გემები ტანკერის ესკორტის მიზნით.

ვენესუელასთან დაკავშირებული რუსული ნავთობტანკერი „მარინერა" 7 იანვარს ატლანტიის ოკეანეში აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. გახმაურებული სპეცოპერაცია ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით ჩატარდა.

დაკავებას 7 იანვარსვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ „ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა" და აშშ-ის ხელისუფლებას მოიწოდა, „მკაცრად სცეს პატივი მათ უფლებებსა და ინტერესებს და არ შეუშალოს ხელი სამშობლოში მათ სწრაფ დაბრუნებას".

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ტანკერის დაკავება „საზღვაო სამართლის დარღვევაა".

აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლის ბრალს წარუდგენენ.

  • „იუსტიციის დეპარტამენტი აკვირდება რამდენიმე სხვა გემს მსგავსი აღსრულების ზომების მისაღებად. ნებისმიერ გემზე მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება სანაპირო დაცვის ან სხვა ფედერალური ოფიცრების მოთხოვნას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - დაწერა სოციალურ ქსელში აშშ-ის გენპროკურორმა პემ ბონდიმ.

მისი თქმით, სანაპირო დაცვის ბრძანებების შეუსრულებლობის გამო, ტანკერ „მარინერას" ეკიპაჟის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ „მომავალში სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენებენ".

8 იანვარს რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა იმფორმაცია, რომ ნავთობტანკერზე დაკავებისას ეკიპაჟის 28 წევრი იმყოფებიდა, რომელთაგან 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 საქართველოსი, მათ შორის კაპიტანი და მხოლოდ ორია რუსეთის მოქალაქე.

იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას" რუსული ნავთობტანკერის დაკავების გამო და აშშ-ს მოუწოდებს, „დაუყივნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერ „მარინერას" წინააღმდეგ, რომელიც ჩრდილო ატლანტიკაში ჩამოართვეს, და დაუბრუნდეს საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დაცვას".

სამინისტრომ აღნიშნა, რომ გემის გაჩერება და შემოწმება ღია ზღვაში შეიძლება მხოლოდ შეზღუდული ჩამონათვალის საფუძველზე, მათ შორის მეკობრეობის ან მონებით ვაჭრობის, ყველა სხვა შემთხვევაში, „ასეთი ქმედებები შესაძლებელია მხოლოდ დროშის სახელმწიფოს - ამ შემთხვევაში, რუსეთის თანხმობით".

საქართველოს პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში არ შესულა.

„2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „მარინერას" ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა", - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ „სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას".

„შესაძლოა მანიპულაციებს აქვს ადგილი"

კონფლიქტოლოგსა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ აკეთებენ რუსები აქცენტს ეკიპაჟის წევრთა მოქალაქეობასა თუ ეროვნებაზე. თუმცა, იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან მანიპულაციებს ჰქონდეს ადგილი და დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის წევრები რეალურად საქართველოს მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ.

„რუსეთისთვის ტანკერია მნიშვნელოვანი. საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა, ეს გასარკვევია. საერთაშორისო რეისებზე გემებზე მეზღვაურები ყოველთვის დაქირავებულები არიან. შესაძლოა კაპიტნის გარდა არავინ არაფერი არ იცის. ტანკერი იღებს ინფორმაციას -შედი ამ პორტში და აიღე ტვირთი. ნავთობი გასაგებია, მაგრამ თუ ტვირთი კონტეინერებითაა, შესაძლოა არც იცოდნენ რა დევს.

  • „თუ საქართველოს მოქალაქეები არიან ნამდვილად ვერ გავამართლებ, მაგრამ ეს მათი პიროვნული არჩევანია, სახელმწიფოს ხომ არ გაუგზავნია და საქართველოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

„რუსეთს თავის მოქალაქეები საერთოდ არ ადარდებს, მისთვის მთავარია ტანკერი დაიბრუნოს. ამერიკის იურისდიქციის ქვეშ სასამართლო ჩატარდება და ყველაფერი გაირკვევა. აქ გემის მფლობელზეა საუბარი, მეზღვაურები დაქირავებულები არიან და ვფიქრობ მათ გაათავისუფლებენ.

„შესაძლოა მანიპულაციას აქვს ადგილი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა შეიძლება ხდებოდეს. ეს ორმაგი თამაში არაა, ესაა ერთმაგი თამაში და მათ უნდათ თავისი ჯართის გადარჩენა. ამერიკელებს აინტერესებთ გემს მიჰქონდა თუ არა ნავთობი და იყო თუ არა სანქცირებული. ამ ხალხს ჩაიყვანენ, პროკურორი დაკითხავს, შესაძლოა ყალბი საბუთები აქვს, სულ არაა ქართველი და საქართველოში არასდროს არ ყოფილადა, სადღაც იყიდა.

„ჩვენ ამერიკაში საელჩო გვაქვს, რომელმაც მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ გვაინტერესებს ინფორმაცია რამდენად სწორია. თუ მართლაც საქართველოს მოქალაქეები არიან მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ავიყვანოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×