თურქეთისთვის გაზრდილი მოცულობით გაზის მიწოდება მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს
თამარ ვეფხვაძე
08.01.2026

საქართველოს გავლით აზერბაიჯანი თურქეთს 33 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ინფორმაცია, რომელიც 3 დღის წინ გავრცელდა, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინსიტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა დაადასტურა. მხარეებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, რომელიც ძალაში 2029 წელს შევა და 2040 წლამდე გაგრძელდება. ენერგეტიკოსების პროგნოზით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო მომგებიან მდგომარეობაშია, რადგან აზერბაიჯანი თურქეთს სამხრეთ კავკასიური გაზსადენის, ანუ ბაქო-თბილისი-ერზერუმის საშუალებით მიაწვდის. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას ტრანზიტის მოცულობა - 5% დარჩება. 33 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5% კი 1,6 მლრდ კუბურ მეტრზე მეტია, რაც უდავოდ წაადგება ქვეყნის ენერგეტიკას. 

თურქული საინფორმაციო სააგენტო „რეპორტის“ ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ახალი კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება. გრძელვადიანი კონტრაქტებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის მეშვეობით, თურქეთი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს საწვავის ფასების კონკურენტულ დონეზე მართვას.

თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს მონაცემებით, აზერბაიჯანმა, გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე, თურქეთში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით მეტია. ამჟამად, ბუნებრივი აირის სიდიდით, აზერბაიჯანი თურქეთში, რუსეთის შემდეგ, მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც თურქეთი აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენია. ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, კონკრეტულად რა ოდენობის გაზი დარჩება საქართველოს, როგორც ტრანზიტ ქვეყანას, უცნობია, თუმცა ენერგეტიკოსი, პროფესორი გია არაბიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საუკეთესო ვარიანტში, საქართველომ გატარებული გაზის 5% უნდა მიიღოს, რაც ძალიან კარგი იქნება. 

„პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. მართალია, ტექსტი არ მინახავს, მაგრამ მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, გარდა ამ სამხრეთ კავკასიური გაზსადენისა, სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ, ყველაზე საუკეთესო ვარიანტში, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში გატარებული გაზის რაოდენობის 5% საქართველოს უსასყიდლოდ, ოფციური გაზის ხელშეკრულების თანახმად რჩება. 

ცნობილია, რომ თურქეთი 33 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, ამ მოცულობის 5% კი მილიარდ-ნახევარზე მეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ენერგეტიკა ეს მოცულობაც დაემატება და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიური გაზსადენიც იმაზე მეტად დაიტვირთება, ვიდრე ახლაა დატვირთული“, - განუცხადა „რეზონანსს“ გია არაბიძემ. 

მართალია, ხელშეკრულების დეტალები უცნობია და ამ ეტაპზე არ ვიცით, რა ოდენობის გაზი დარჩება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, მაგრამ ენერგეტიკის ექსმინისტრმა, დავით მირცხულავამ ეს ინფორმაცია თავის აზერბაიჯანელ კოლეგებთან გადაამოწმა და დაგვიზუსტა, რომ საქართველო ნამდვილად 5%-ს მიიღებს:

„დიახ, საქართველო მიიღებს 5%-ს, მაგრამ ახალი კონტრაქტი დაიწყება 2029 წლიდან. ეს იმიტომ, რომ საუბარია ახალი საბადოს ჩართვაზე ამ პროექტში, რომელიც უკვე შესულია ექსპლუატაციაში, მაგრამ უნდა გაიზარდოს იქიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა და ეს საბადო მთლიანად ამ ტრანზიტზე გადაერთვება თურქეთის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველო მზარდი ეფექტით წლების განმავლობაში, 5%-ს მიიღებს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით მირცხულავამ. 

მისივე თქმით, დღემდე ბაქო-თბილისი-ეზერუმის გაზსადენის პროექტის ფარგლებში, საქართველო ოფციურ (შეღავათიან) გაზს იღებს, თუმცა ეს ხელშეკრულება 2026 წელს იწურება. ამის მიუხედავად, მირცხულავამ „რეზონანსს“ დაუდასტურა, რომ შესაძლოა, ეს ხელშეკრულებაც გაგრძელდეს:

„ჩემი ინფორმაციით, ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ ოფციური გაზი დაგვრჩეს, მაგრამ უკვე სულ სხვა პირობებით“, - დასძინა დავით მირცხულავამ. 

რაც შეეხება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც 2029 წლიდან შევა ძალაში, ამ ხელშეკრულებით, საქართველოც მომგებიან მდგომარეობაშია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობა იზრდება და ჩვენ გაცილებით მეტ სატრანზიტო მოცულობას მივიღებთ. თანაც გატარებული გაზის 5% ქვეყნის ენერგოსექტორს თბოსადგურების მეშვეობით იაფი ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებას მისცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×