
აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიიას ტოვებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ეს ორგანიზაციები „ანტიამერიკული, უსარგებლო და მფლანგველურია". გარდა ამისა, მათივე ონფორმაციით, განხილვა გრძელდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის რღვევის ტენდენციას. უშუალოდ ამ ორგანიზაციებზე, მათ პოლიტიკურ გავლენაზე, რეპუტაციასა და შემდგომ საქმიანობაზე კი უარყოფითად აისახება.
აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „ოცნებაშიც" ეხმიანებიან. მათი თქმით, ამერიკამ დაადასტურა, რომ ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში კომისიამ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე მწვავედ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, რაც „ოცნებაში" შეაფასეს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტში უხეში ჩარევა.
ორგანიზაციების სია და აშშ-ის არგუმენტები
7 იანვრით დათარიღებულ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს, ორგანიზაციებს შორის, რომელსაც შეერთებული შტატები ტოვებს, არის გაეროს 31 ორგანიზაცია და კიდევ 35 ორგანიზაცია, რომელიც გაეროს შემადგენლობაში არ შედის. სიაშია უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრიც - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერება.
მემორანდუმის თანახმად, აშშ ტოვებს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კომისიას, ონლაინ სივრცის თავისუფლების კოალიციას, გლობალური საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადობის ფონდს, გლობალურ კონტრტერორიზმის ფორუმს, მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელს, საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს, დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტს, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ინსტიტუტს, რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს.
რაც შეეხება გაერო-ს ორგანიზაციებს, აშშ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, საერთაშორისო სამართლის კომისიას, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრს, მშვიდობის მშენებლობის ფონდს, დემოკრატიის ფონდსა და მოსახლეობის ფონდს ტოვებს.
სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, ორგანიზაციები, რომელთა დატოვებასაც აშშ გეგმავს, აქტიურად ცდილობენ ამერიკის სუვერენიტეტის შეზღუდვას.
- „ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას - ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს.
„მათ საქმიანობას ხელს უწყობს იგივე ელიტური ქსელები - მრავალმხრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაშლაც „იუ-ეს-ეიდის" დახურვით დავიწყეთ", - აღნიშნავს რუბიო.
ორგანიზაციების დატოვების მიზეზები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორგანიზაციებიდან აშშ-ის გასვლის ძირითადი მიზეზი ფინანსურია და არა ის, რომ რომელიმე ორგანიზაციამ თავი ამოწურა, ან ფუნქციას არ ასრულებს.
„ამ ორგანიზაციების დაფინანსების ლომის წილი აშშ-ზე მოდის და ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ ამ საკითხების გადახედვა დაიწყეს. ვენეციის კომისია ამერიკისთვის განსაკუთრებულს მართლა არ წარმოადგენს, რადგან აშშ-ში ვენეციის კომისიის დასკვნები ნამდვილად არ სჭირდებათ, დემოკრატიული ინსტიტუტები საკმაოდ კარგად მუშაობენ და ძლიერი იურიდიული ჯგუფები ჰყავთ. ვენეციის კომისია ჩვენნაირ ქვეყანას სჭირდება, სადაც დემოკრატიული მმართველობა ფაქტიურად არაა და ავტორიტარიზმში გადავდივართ.
„აქ მიზეზი ისაა, რომ ამ ორგანიზაციების არსებობისთვის ფინანსები თანაბრად უნდა ყოფილიყო განაწილებული მასში გაერთიანებულ ქვეყნებზე. ამერიკამ ერთი პერიოდი საკითხიც კი დააყენა, ღირდა თუ არა გაერო-ს შენახვა, რადგან ის ფაქტიურად ამერიკის ფულზე არსებობს. ტრამპმა ამ პოლიტიკის გადახედვა დაიწყო და პერსპექტივაში ეს პოლიტიკა რა შედეგს მოიტანს, გამოჩნდება", - განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, ახლა როგორი იმოქმედებს ეს ამ ორგანიზაციების რეპუტაციასა და პოლიტიკურ გავლენაზე, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„როგორც ჩანს, მთლიანად ის პოლიტიკა იცვლება, რაც 1945 წლის შემდეგ დასავლეთმა ჩამოაყალიბა. ახალი წესრიგი ყალიბდება და რას მოუტანს ეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მსოფლიოს, რამდენად გაამართლებს და შედეგიანი იქნება, ეს სამსჯელოა.
„თუ დასავლეთი ტრამპამდელ პოლიტიკას არ დაუბრუნდება, რთული ვითარება შეიქმნება და არც ამერიკისთვის იქნება მაინცდამაინც მომგებიანი. მთლიანად უნდა იყოს ამაზე მსჯელობა და არაც ცალკეულ საერთაშორისო ორგანიზაციების მომავალზე", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ და მსგავსი ორგანიზაციების უმრავლესობა ბოლო წლებში, ფაქტიურად, უფუნციო გახდნენ.
- „ცივი ომის დასრულების შემდეგ, თანდათან ამ ორგანიზაციების ბიუროკრატიზაცია მოხდა. თავის თავზე მოსამსახურე ორგანიზაციებად გადაიქცნენ - შეკრებები, განუწყვეტელი საუბრები, ფორუმები, მაღალი ხელფასები და შედეგი ნული. ბევრი დაიწერა, რომ ბევრი მათგანი სალაყბო ორგანიზაციებად გადაიქცაო, თუმცა, შესაძლოა, ეს 66-ვე ორგანიზაციაზე არ ვრცელდება.
„მაგალითად, ევროპამ წამოაყენა მოთხოვნები ეკოლოგიაზე, ამაზე მილიარდები იხარჯებოდა, ბიუჯეტებს ძვირი უჯდებოდათ, ამავდროულად არაერთმა ამერიკელმა ეკონომისტმა დაწერა, რომ ამით დიდი ქვეყნების ინტერესებს უგულებელყოფდნენ, რითაც არადემოკრატიული ქვეყნები ხეირობდნენ. ამერიკელი სოციოლოგის ჯოელ კოტკინის სიტყვები მახსენდება - „რას ვაკეთებთ, ჩვენი ხელით რეჟიმებს ვაძლიერებთ?"
„აშშ თავისი უნიკალური კანონმდებლობით ადრეც მოდიოდა კოლიზიაში საერთაშორისო სამართალთან. ორმაგი სტანდარტი იყო, როცა ცდილობდნენ ყველაფერი საერთაშორისო სამართლით გაემართლებინათ და ახლა უკვე პირდაპირი საუბრებია, რომ აი, ვენესუელა გვჭირდება, გრენლანდიაც უნდა წავიღოთ... სულ სხვა ვითარება დადგა. თუ რუსეთს შეუძლია განაცხადოს, რომ „უკრაინა ჩვენია", მსოფლიო ამას უყურებს და ვერაფერს ვერ აკეთებს, იწყება ძველი წესრიგის რღვევა და იწყება ქაოსი, რომელიც მსოფლიოსთვის რთული იქნება, რადგან ამ ქაოსიდან როგორ დალაგდება ძალთა თანაფარდობა, ესაა საკითხავი.
„ეს იქნება დემონსტრირება იმისა, თუ რას წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები, როცა აშშ გავა. საინტერესო პროცესები იქნება. ახლა ევროპელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სახე შეუნარჩუნონ. ამ ორგანიზაციებს გავლენა ისედაც დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ ახლა უფრო დაკარგავენ, თუმცა ველი, რომ ორგანიზაციების პიარი უფრო გამძაფრდება", - განაცხადა მამრაძემ.
„ოცნება" და ვენეციის კომისია
„აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციის დატოვება ადასტურებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია.
- "როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი, ეს აჩვენებს, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შემდგარი", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, აშშ-მა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ „ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს მოსაზრებებსა და დასკვნებს".
ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სანამ ტრამპი ამ ნაბიჯს გადადგამდა, „ოცნება" არც მაშინ ასრულებდა ვენეციის კომისიის დასკვნებს, ახლა კი დამატებითი საბაბი ექნებათ თავისი პოზიციის გასამართლებლად.
„ისე გამოდის, რომ სანამ ტრამპი ამ ნაბიჯს გადადგამდა, თითქოს „ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნებს ყოველთვის ითვალისწინებდა. დასკვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება არც არასდროს ხდებოდა და ახლა უბრალოდ საშუალება მიეცათ ლაპარაკი დაიწყონ, რომ კონსტიტუციაში ყველაფერი კარგადაა, რომ მიღებული კანონები დემოკრატიულია და ა.შ. ამის არგუმენტაცია მიეცათ იმით, რომ აშშ-მა ვენეციის კომისიაზე თქვა უარი", - განაცხადა ძაბირაძემ.