
აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებამ და ქვეყნიდან გაყვანამ ახალ სპეკულაციებს დაუდო სათავე, რომ აშშ და რუსეთი უკრაინის ვენესუელაში „გაცვლაზე" შეთანხმდნენ. ვაშინგტონში ადასტურებენ, რომ სგავსი გარიგების მიღწევას კრემლი ჯერ კიდევ 7 წლის წინ ცდილობდა და უარი მიიღო. რა ხდება ახლა, რამდენად დამაჯერებელია საუბრები აშშ-რუსეთის ფარულ შეთანხმებაზე და შეიძლება თუ არა ასეთი გარიგების ნაწილი საქართველოც იყოს?
პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი აცხადებს, რომ 2019 წლის აპრილში, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა, რომ ვენესუელაზე გავლენას დათმობდა, თუმცა სანაცვლოდ კონტროლი უნდა აეღო უკრაინაზე.
- „რუსი მაღალჩინოსნები ძალიან მტკიცედ მიანიშნებდნენ, რომ ვენესუელასა და უკრაინას შორის რაღაც ძალიან უცნაური გაცვლის შეთანხმების დადება სურდათ", - აღნიშნა ჰილმა კონგრესში მოსმენის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან ქმედებები არაფორმალური იყო, თუმცა გზავნილი ნათელი: „იცით, თქვენ გაქვთ თქვენი მონროს დოქტრინა. გსურთ, თქვენი ეზოდან გაგვყაროთ. ჰოდა, იცით, ჩვენ ამის ჩვენი ვერსია გვაქვს. თქვენ ჩვენს ეზოში ხართ, უკრაინაში".
ჰილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვში ამ გეგმაზე უარის სათქმელად გაგზავნეს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია გამორიცხავს აშშ-სა და რუსეთს შორის რაიმე სახის მსგავს გარიგებას, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.
- „ვფიქრობ, არავითარ „გაცვლას" ადგილი არ ჰქონდა. ტრამპი პუტინის თამასას ნამდვილად არ დაჰყვებოდა, მას თავისი პრინციპული მიდგომები აქვს, რომელსაც აბსოლუტურად არავის უთანხმებს.
„ჩემი აზრით, ეს შეთქმულების თეორიის ნაწილია და არავითარ გარიგებაზე საუბარი არ არის. პირიქით, ამერიკა მზადაა უკრაინას იმაზე მეტი გარანტია მისცეს, ვიდრე უკრაინას ექნებოდა ნატოში შესვლის შემთხვევაში. ამერიკის მიერ რუსული ტანკერების დაკავებაც იმის კარგი ილუსტრაციაა, რომ არანაირ „გაცვლას" ადგილი არ ჰქონდა. ასე რომ, ვფიქრობ, რაღაც ფარული შეთანხმებები რეალობას არ შეესაბამება. შეიძლება მომავალში რამე იყოს, თუმცა ამ ეტაპზე გარიგების მომენტი არ ჩანს.
„ტრამპი ცდილობს ერთპოლუსიანი წესრიგის შექმნას და ამ პოლიტიკას ავითარებს. ამ თვალსაზრისით რუსული ტანკერის დაკავება რუსეთისთვის პირდაპირი სერიოზული გამოწვევაა და როგორც ვთქვი, ეს გარიგებას გამორიცხავს.
„რაც შეეხება საქართველოზე გარიგებას, ამ ეტაპზე არ არსებობს. პირიქით, მარკო რუბიოს განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით ერთგვარ მინიშნებასაც წარმოადგენს, რომ ტრამპმა საკუთარ მტრებს პირდაპირი ცეცხლი გაუხსნა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო ირანთან რაიმე სახის ურთიერთობის გავითარებას დაიწყებს, ამერიკელები შესაბამისს ზომებს მიიღებენ. ეს იყო მინიშნება. ეს ნიშნავს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის საქართველოზე გარიგება არ ყოფილა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".