
ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების საფოსტო სისტემები გატეხა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის დაზვერვამ საფოსტო სისტემების გასატეხად კიბერჯგუფი Salt Typhoon-ი გამოიყენა.
The Financiel Times-ს საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა განუცხადებს, რომ ჩინეთმა მოიპოვა წვდომა იმ ფოსტებზე, რომლებსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ჩინეთზე მომუშავე კომიტეტის, აგრეთვე საგარეო საქმეთა, დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტების თანამშრომლები იყენებენ.
სისტემებში უკანონო შეღწევა დეკემბერში განხორციელდა. თავდასხმა არის ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მიერ აშშ-ის საკომუნიკაციო ქსელების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ნაწილი.
როგორც გამოცემას ერთ-ერთი წყარო უყვება, ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ ამერიკელი კანონმდებლების ფოსტებში შეღწევა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო ჯგუფ Salt Typhoon-ს წლების განმავლობაში იყენებს. ის ჩინეთს შესაძლებლობას აძლევს მოუსმინოს ნებისმიერი ამერიკელის ღია სატელეფონო საუბარს ან ხმოვან შეტყობინებას.
The Financial Times-ის ცნობით, Salt Typhoon-ი რამდენიმე წლის წინ აშშ-ის მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრებსაც უსმენდა. აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა მარკ უორნერმა დეკემბერში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აქცევდნენ ყურადღებას Salt Typhoon-ს.
„თუ თქვენ არ იყენებთ დაშიფრულ მოწყობილობას, ნებისმიერს თქვენგანს მოუსმენენ“, - განუცხადა უორნერმა სამხედრო ჟურნალისტების ჯგუფს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა გასულ წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ The Financial Times-ს განუცხადა, რომ ამერიკის სატელეკომუნიკაციო კომპანიები „ძალიან მოწყვლადები არიან“ Salt Typhoon-ის პირისპირ.