
ქართველი ხალხის დაცინვაა, როდესაც საუბრობენ, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში, წინ არიან საქართველოზე - წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში, ჩვენ ამაში ვერ ვჯობნით. ეხუტებიან იმიტომ, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპელ ბიუროკრატებს, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო კონკრეტულ კრიტერიუმებში მოლდოვას და უკრაინას „ჩამორჩება“, „არანაირად არ ადარდებთ ის, რომ ასეთ ტყუილს პირდაპირ თვალში ნაცარივით აყრიან ქართველ ხალხს“.
„ზოგადად, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა. ხშირად გვესმის თავდასხმები ქართველ ხალხზე, მის უფლებაზე, რომ აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ვხედავდით პირდაპირ ბრიუსელის ჩარევას, იმისთვის, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება. როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების მხარდაჭერაში, როდესაც წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ნეპალი უნდა მოეწყოთ საქართველოში. ამ ნეპალის მოწყობას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა. დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთ ევროკავშირელს ქართველი ხალხისთვის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ნეპალის სცენარის ორგანიზატორებს გამოუცხადა პრინციპში, ევროკომისიამ ევროკომისიის პრესსპიკერის პირით.
რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას. უსამართლობაზე აღარ ვიტყვი ამ კონტექსტში, საქართველოს და მოლდოვა-უკრაინის შედარებისას. ეს უბრალოდ ქართველ ხალხს დაგვცინიან. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც საუბრობენ, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში, წინ არიან საქართველოზე. რა თქმა უნდა, წინ არიან ისინი ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში. ჩვენ ვერ ვჯობნით. ეხუტებიან იმიტომ, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. ამაში ვერ ვჯობნით. თუმცა ვჯობნით სხვა ყველა პარამეტრში. ვჯობნით ეკონომიკური განვითარებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით.
მედიას რაც შეეხება, უკრაინაში ტოტალური კონტროლია. მოლდოვაშიც მსგავსი მდგომარეობაა. იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები ხელისუფლების მიმართ, პრობლემები აქვთ. კორუფციაზე აღარაფერს ვამბობ.
ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო რაიმე ასეთ ობიექტურ პარამეტრში ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, უბრალოდ დასცინის ქართველ ხალხს იმ მხრივ, რომ საუბრობენ უსამართლო რაღაცებს. არანაირად არ ადარდებთ ის, რომ ასეთ ტყუილს პირდაპირ თვალში ნაცარივით აყრიან ქართველ ხალხს, რაც არის ქართული ხალხის დაცინვა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.