
ლარის სტაბილურობას არც 2025 წელს ემუქრება საფრთხე. ფინანსისტები დადებითი ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებენ. მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსმა შეიძლება 2,65-2,67-ის ფარგლებში იტრიალოს. მათ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში მატულობს, რის პარალელურად ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას განაგრძობს.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 342.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით 6.16 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სავალუტო ფონდის დაწესებული ადეკვატურობის ნორმის 100 პროცენტს ასცდა და 105%-ს მიაღწია.
ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე ფიქრობს, რომ 2026 წელს, მინიმუმ პირველ ნახევარში ლარის სტაბილურობა გარანტირებული იქნება.
,,სავალუტო შემოდინებები გაზრდილია, რაშიც იგულისხმება როგორც ექსპორტი, ასევე ინვესტიციები, მატება ორივე მიმართულებითაა. ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი სავცალუტო რეზერვებს ზრდის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორია. შესაბამისად, პერსპექტივა ლართან დაკავშირებით პოზიტიურია.
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა შესყიდვის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, სავალუტო რეზერვი არც ერთ წელს არ გაზრდილა ასე მასშტაბურად, როგორც ახლა. ეკონომიკური ზრდის დინამიკაც დადებითია და უნდა ველოდოთ ლარის გამყარებასაც.
ვფიქრობთ, რომ გაცვლითი კურსი კიდევ გამყარდება. მინიმუმ პორველ ნახევარში, ლარის სტაბილურობა გარანტირებული იქნება და დაახლოებით 2,65-2,67-ის ფარგლებში იმერყევებს.
აქვე აღვნიშნავ, როდესაც ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია- 5.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ვივარაუდე, რომ წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვები ახალ ისტორიულ მაჩვენებელს 2 მლრ აშშ დოლარს გადააჭარბებდა, ხოლო მთლიანი საერთაშორისო რეზერვები - 6 მილიარდ დოლარს.
რაც შეეხება ინფლაციას, როდესაც საბაზისო ინფლაცია არის უფრო „დაბალ დონეზე“, მთლიან ინფლაციასთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ ზრდა არის ზომიერი და ბევრად დაბალი, ვიდრე საერთო ინფლაციის დონე, რასაც სასურსათე პროდუქციის საეჭვოდ გაზრდილი ფასი განაპირობებდა. ამას, მოგეხსენებათ, პრემიერის ცნობილი განცხადებები მოყვა და საკითხის შესწავლაც დაიწყო. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ინფლაციასთან ერთად, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ამის დადებითი შედეგებს უკვე ვხედავთ სტაბილურ გაცვლით კურსში და წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაში", - აღნიშნა ცუცქირიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
ანალიტიკოსის პოზიციას გარკვეულწილად იზიარებენ საბანკო სფეროს სპეციალისტებიც, რომელთა შეფასებითაც, საშუალოვადიან პერიოდში ლარისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პოლიტიკური სტაბილურობა და თუკი არეულობის ნიშნები არ გამოიკვეთება, ლარს საფრთხე არ დაემუქრება. პროფესორ ლია ელიავას შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის რისკი ჯერჯერობით ისევ რჩება.
,,ინფლაციის რისკი იზრდება, რადგან ეროვნული პროდუქტის მარაგი მცირდება, გლობალური ბაზრები კი დიდი სტაბილურობით არ გამოირჩევა. გაურკვეველია ნავთობთან დაკავშირებული მოლოდინიც. ამიტომ სიტუაცია არც ისე მიმზიდველია, როგორც ბევრს წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ლარის კურსთან დაკავშირებით სტაბილურობა შენარჩუნდება. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, როგორია თანაფარდობა ლარსა და დოლარს შორის, მთავარია, კურსი ხშირად არ იცვლებოდეს, რაც კარგია ბიზნესისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება.
უნდა ითქვას, რომ წინა წლებში ძალიან მაღალი ინფლაცია იყო, წელს უკეთესი ვითარებაა. ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულებაა, ინფლაციის მართვა, ამას სჭირდება სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რასაც სებ-ი ჯერჯერობით სწორად აკეთებს. მთლიანობაში, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი სტაბილური დარჩება, მაგრამ რთული საპროგნოზოა, თუ როგორი იქნება იგი ხანგრძლივ პერიოდში. როდესაც საქმე ეხება ინფლაციას აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ მოთხოვნის ზრდის შენელება მოხდება, ცხადია, რომ ეს რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება", - განუცხადა ლია ელიავამ ,,რეზონანსს".
ეროვნული ბანკის პროგნოზის შესაბამისად, როგორც მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით არის შემცირებული.
საბაზო ინფლაციამ 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.6 პროცენტით განისაზღვრა.