ნატალია ჯვარიძე
07.01.2026

რუსეთმა საზღვაო ხომალდები გააგზავნა თავისი ნავთობტანკერის ესკორტისთვის, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან. მედიის ინფორმაციით, გემი, რომელსაც ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, ამ დროისთვის ისლანდიასა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის იმყოფება.

Bella 1-ს აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებენ, რის შემდეგაც მან სახელი შეიცვალა, ამჟამად Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში ვენესუელაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკადის ბრძანება გასცა, რასაც ვენესუელას მთავრობამ „ქურდობა" უწოდა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CBS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ გასულ თვეში კარიბის ზღვის აუზში მასზე ასვლა სცადა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ის ვენესუელასკენ მიემართებოდა. მათ გემის დაკავების ორდერი ჰქონდათ სანქციების დარღვევის გამო.

მას შემდეგ გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი და მისი ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის, ასევე ვერტმფრენების ჩამოსვლას.

სამშაბათს, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას მის დაკავებას ამჯობინებს.

რუსეთი აცხადებს, რომ გემის გარშემო არსებულ სიტუაციას შეშფოთებით აკვირდება.

ევროპული კველევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის გარკვეული შეტაკებები მოხდეს.

„ძალიან რთულია თქმა, სადამდე შეიძლება დაიძაბოს ვითარება და არის თუ არა აშშ ძალებთან შეტაკების საფრთხე. ვენესუელაში შეჭრა და მადუროს აყვანა, რუსეთისთვის ძალიან ძლიერი სილის გაწნა იყო, რადგან პუტინის რეჟიმის საგარეო ურთიერთობები სწორედ დიქტატორულ რეჟიმსა და მის ლიდერებზე დგას.

მადურო მისთვის იყო როგორც ბაშარ ალ-ასადი, რომლისთვისაც რუსეთმა დიდი ხანი იბრძოლა. ამას კიდევ ემატება რუსეთის ინტერესები ვენესუელის ნავთობთან დაკავშირებით. ასევე, რუსეთის პრესტიჟის საკითხი. მითუმეტეს, რომ ტრამპმა და რუბიომ ამ ოპერაციის მერე საკმაოდ აგდებულად ისაუბრეს პუტინზე და ლავროვზე. ამიტომ ახლა პუტინი რაღაც რევანშს ეძებს და გამორიცხული არ არის, ნებისმიერი სიგიჟე ჩაიდინოს.

აქედან გამომდინარე, გარკვეული საფრთხე არსებობს, რაღაც ეტაპზე შეტაკება მოხდეს.

  • თუ რუსეთი იმ ბლოკადას გარღვევას დააპირებს, რაც ამერიკას ვენესულის გარშემო აქვს ამოქმედებული, რაღაც ინციდენტები შეიძლება მოჰყვეს.

არ ვადარებ კარიბის კრიზისს, როცა კინაღამ მსოფლიო ომი გაჩაღდა, ასეთი სიტუაცია არ არის ახლა",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×