თამთა ჩაჩანიძე
07.01.2026

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, ვენესუელაში სპეცოპერაცია, აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკა, აქციებზე დაკავებულთა შეწყალება - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ 7 იანვარს ჟურნალისტებთან ისაუბრა, მისი შეფასებით, სამყაროში გამოფხიზლების პროცესი მიდის, რაც უპირველეს ყოვლისა აშშ-ს ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო.

აქვე აღსანიშნავია,რომ 6 იანვარს თბილისში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ციტატა, სადაც ნათქვამია, რომ „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი „ჰეზბოლასთვის", ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება".

პაპუაშვილი ამბობს,რომ საელჩოს განცხადებაში საქართველო "საერთოდ არ იგულისხმება" და ესაა "ცილისმწამებლური კამპანია ევროპიდან ჩრდილოვანად დაფინანსებული მედიებისგან".

"ქართველი მადურო რუსთავის ციხეში"

პაპუაშვილის თქმით, ვენესუელაში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ "ის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ იყო შეთანხმებული, უკვე დიდი ხანია სინამდვილეში აღარ არსებობს" - რაც შეეხება მადუროს დაკავებას, მისი თქმით, "ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში".

"ევროკავშირის წევრი ქვეყანა საფრანგეთი არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, ევროკავშირის ყოფილი წევრი და ევროპის საერთო პოლიტიკაში მოაზრებული დიდი ბრიტანეთი გახლავთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. 5 წევრიდან 2 არის ევროპული ქვეყანა და რას ჰქვია რა შუაშია?! აბა მაშინ ევროკავშირს მალიში რა უნდოდა?! ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში რა უნდოდა, სადაც სხვათა შორის, ჩვენც ვიყავით ევროკავშირის მისიებში?!

"რამდენიმე წლის წინ ევროკავშირი იყო მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, მე მგონი, პირველიც კი. დღეს ვხედავთ სად არის დასული საკუთარი არასწორი პოლიტიკის შედეგად. ეკონომიკურად ნულის გარშემო ტრიალებს მისი ეკონომიკური ზრდა, არის ეკონომიკური სტაგნაცია. ეს არის მათი გაუაზრებელი, თავქარიანი პოლიტიკის შედეგად. აქ არიან ეკონომიკურად და სადაც არიან პოლიტიკურად, ამასაც ვხედავთ.

საუბრობენ რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადამწყვეტი ომი და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ სვამენ. სახვეწრად აქვთ საქმე.

"ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ეთქმის გლობალურ პროცესებში, ეს არის ზუსტად იმის ბრალი, როგორი თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიუროკრატიას. როგორც კონგრესს არ ჰკითხა ტრამპმა არაფერი, ისე არ ეკითხება არაფერი ევროკავშირს.

 

  • "დაასრულა არარჩეულმა ბიუროკრატიამ ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა. როგორც ჩანს სამწუხაროდ, ის ვერასდროს გახდება გლობალური ძალა"

 

"სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა"

პაპუაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას 25 დეკემბერს იზეიმებს. პაპუაშვილის შეფასებით, განცხადება საზოგადოებაში უთანხმოების შემოტანას ემსახურება.

„ესეც მცდელობა არის, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ რაც შეიძლება მეტი უთანხმოების საკითხი, ესეც გარედან მოდის. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობოები, რომლებიც ზუსტად ამ იდეოლოგიას თესავენ.

ნუმეროლოგიით არიან დაკავებული, რომ საზოგადოება არ უნდა თანხმდებოდეს 25 დეკემბერი, 7 იანვარი, 8 თუ 9 მაისი. გახსოვთ, შარშან ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით 9 მაისი არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს. 300 ათასი ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან და 9 მაისს ჩაატარეს „ევროპის დღე" ისე, რომ თავისი დაფინანსებული ხალხისგანაც არავინ დაპატიჟეს. არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს და მადლობა არ გადაუხადეს",-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროკავშირი საქართველოში „მავნე პრაქტიკით არის დაკავებული, რაც არის ხალხის დაპირისპირება, ზიზღის შემოტანა, ძალადობა".

„ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აქამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა ამისთვის. ახალმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეცვალა ეს პოლიტიკა, ამხილა ეს მავნე ჩარევის პრაქტიკა. დღეს ევროკავშირი არის საქართველოში ზუსტად ამ მავნე პრაქტიკით დაკავებული - ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა და პიროვნული თავდასხმა, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა.

"აი, ეს არის სამარცხვინო, რომ თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, „მოლოტოვის კოქტეილთან", რომელსაც შეგახსენებთ, ევროკავშირი აფინანსებდა. სწორედ ამის შეცვლა გვინდა ჩვენ. ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, თვითონ გადაიჩეხებიან. არ გვინდა ჩვენც ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უფსკრულში, სადაც დღეს ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს",-განაცხადა პაპუაშვილმა.

შეიწყალებენ თუ არა აქციებზე დაპატიმრებულებს

პაპუაშვილის თქმით, შეწყალება მისი კომპოეტენცია არაა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვინ, როდის და რა მოტივით შეიწყალოს. მისი თქმით, "ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოსდევს და ცდილობენ დანაშაული მოგვყიდონ, როგორც კეთილი საქმე".

"უნდათ გარედან თავს მოგვახვიონ ძალადობა, თავს მოგვახვიონ ზიზღი, თავს მოგვახვიონ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედება და ეს ყველაფერი მოგვყიდონ როგორც პროევროპულობა. თურმე „მოლოტოვის კოქტეილის" დამზადება - ბენზინის ჩასხმა, შიგნით ნაჭრის ჩადება, წაკიდება, ადამიანისთვის სროლა და ცეცხლის წაკიდება, ეს არის პროევროპულობა. დღეს ბრიუსელი ამას ამბობს! ამბობს, რომ ადამიანისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა არის პროევროპულობა.

 

  • "ბრიუსელი და მათი პოლიტიკური ლიდერები უსამართლოდ გასამართლებულებზე საუბრობენ. ვინ არის უსამართლოდ?! - „მოლოტოვის კოქტეილია" უსამართლობა?!

 

"მთავარია საკითხია ის, რომ დანაშაულს დანაშაული ეწოდოს! როდესაც ბრიუსელიდან დანაშაულს სათნო საქციელს უწოდებენ. ბრიუსელი ამბობს, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი უსამართლოდ არის დაჭერილი, საკუთარი ცოლის პირადი ცხოვრების ჩამწერი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული, თაღლითი უსამართლოდ არის დაკავებული. ეს მოგვეყიდება როგორც ევროპულობა და ზუსტად ეს არის ევროპის ღირებულებითი დაღმასვლის დასტური. ბრიუსელს დღეს ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიჰყავს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

პატრიარქის ეპისტოლე

პაპუაშვილის თქმით, პატრიარქი ეპისტოლეში ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ „ჩვენ, სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს". ამბობს, რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლება და ეს უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო.

„თავისთავად, ყველაფერში მნიშვნელოვანი არის ბალანსი და ჰარმონია. ეს არის სამწუხაროდ, ლიბერალიზმის ის გამრუდებული იდეა, რომელიც წლების განმავლობაში თავს ეხვეოდა სხვადასხვა დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ვხედავთ, რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლდება.

უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო ეს, რომელმაც სრულად ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება და ამით მიეცა ყველას შესაძლებლობა, ხმამაღლა ისაუბროს, რომ გაფეტიშება არაფრის არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ.

"ამის კარგი მაგალითია საქართველო, როდესაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, სიტყვიერი თავდასხმა არათუ დაშვებული იყო, არამედ ამის მისალმება ხდებოდა და დღემდე ხდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან, ვხედავდით რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მივარდნენ და გამოლანძღეს, უხვად ფინანსდებოდნენ ბრიუსელიდან. ეს არის ზუსტად, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი ადამიანს.

"ამას მიუთითებს ზუსტად პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს.

"ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს", არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას," - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×