თამთა ჩაჩანიძე
07.01.2026

2026 წლის დასაწყისის მნიშვნელოვანი მოვლენა - ვენესუელის ოპერაცია კვლავ გლობალური განხილვის საგანია, სადაც მთავარი კითხვაა - რომელი ქვეყანა შეიძლება იქცეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მორიგი სამიზნე?

საახალწლო დღესასწაულების მიუხედავად, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავებას თბილისშიც აქტიურად ეხმაურებიან. ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ ამ ოპერაციით არღვევს საერთაშორისო წესრიგსა და სამართალს, ნაწილი კი ამბობს, რომ სამართალი სამართლიანობის გარეშე ვერ იარსებებს და ვენესუელელი ხალხი უსამართლობის მსხვერპლი იყო.

"ქართული ოცნება" ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარება უკან წაიღოს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველ პარტიაში "ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ და ისევ ბრიუსელს აგინებენ".

გაეროში 6 იანვარს განაცხადეს, რომ აშშ-ს ოპერაცია ვენესუელაში ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს.

"ეიბისი ნიუსის" ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს მოსთხოვა, რომ ქვეყნიდან გააძევოს რუსეთის, ჩინეთი, ირანი, კუბა და გაწყვიტოს მათთან ეკონომიკური კავშირები. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელისგან საბაზრო ფასად მიიღებს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ ნავთობს.

მიმდინარე წლის 3 იანვარს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ამერიკელი სპეცრაზმელების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი. ოპერაციისას სპეცრაზმელებმა რამდენიმე სამხედრო ობიექტს შეუტიეს, ვენესუელის ხელისუფლების მტკიცებით, იერიშები იყო სამოქალაქო ობიექტებზეც, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. 6 იანვარს ქვეყანაში 7 დღიანი გლოვა გამოცხადდა ოპერაციაში ვენესუელელი სამხედროების დაღუპვის გამო.

ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. თუმცა, ირკვევა, რომ არჩევნები ჯერ არ იგეგმება.

5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, რომელთა შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანი მიიჩნევს რომ უდანაშაულოა.

რა სურს აშშ-ს

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს გავლენის დაბრუნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და მსოფლიოში. მისი თქმით, ვენესუელის ოპერაცია საერთაშორისო სამართალს არღვევს.

"სწორი იქნება ვთქვათ, თუ რა სურს ტრამპის ადმინისტრაციას - მთელი ამერიკის სახელით ვერ ვილაპარაკებთ. ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციაში უკვე ჩანდა ის კონტურები, თუ აშშ-ს დღევანდელი ადინისტრაცია რისკენ მიილტვის.

ჩანს, რომ წესებზე დამყარებული საერთაშორისო კანონები მათთვის არ იყო პრიორიტეტული. მათთვის მნიშვნელოვანია მონროს დოქტრინის დაცვა, ანუ აშშ-ს უნდა ჰქონდეს გევლენის სფეროები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

"ამ ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მინერალური რესურსები, რადგან მათი აზრით, დიდ სახელმწიფოებს, იგივე აშშ-ჩინეთ-რუსეთს შორის საერთაშორისო მეტოქეობა ამ რესურსების გარძემო ძალიან ღრმავდება.

ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვენესუელასთან დაკავშირებით სწორედ ესაა - პირველი, რომ გავლენა გაიზარდოს, ჩინეთ-რუსეთს და სხვებს ამ რესურსებზე წვდომის საშუალება არ მისცეს. ასევე მადუროს რეჟიმი, რომელიც დიდი ხანია არღვევდა ადამიანის უფლებეს, ამითი გარკვეული სიგნალი გაუგზავნოს სხვა სახელმწიფოებს, რომ აშშ ამ რეგიონში გავლენის გასაძლიერებლად ბრუნდება.

"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევა ბუნებრივია დარღვევაა და ამაზე მიუთითებს თუნდაც განხილვები გაეროში.

თუმცა, ფაქტია, რომ აშშ-ს ამ ადმინისტრაციისთვის, ასევე ჩინეთ-რუსეთისთვის და ძალიან ბევრი დიდი სახელმწიფოებისთვის უკვე საერთაშორისო სამართალი მეორეხარისხოვანი გახდა, ან დიდი სახელმწიფებოს ფუფუნებაა, რომ ორმაგი სტანდარტები ჰქონდეთ მაშინ, როცა აწყობთ. თან ეს ახალი არაა, რაც ვენესუელასთან მიმართებაში გამოიკვეთა და სწორედ ამის გამოცაა მსოფლიო შეშფოთებული, მათ შორის აშშ-ს მოკავშირეები ევროპაში.

 

  • "თუ ასეთი პრეცედენტის დაშვება წესი გახდა, ეს სხვა რეგიონებშიც გავრცელდება და საფრთხეა, რომ ჩინეთი და რუსეთი იგივეს გააკეთებენ"

 

"თუმცა, შეფასებებთან მიმართებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება უახლოეს თვეებში. ტრამპის თქმით, თვითონ უნდა მართოს, მაგრამ ეს მართვა რას ნიშნავს, თუ მან თავისუფალი არჩევნები ჩაატარა და ხელი შეუწყო, რომ იქ გარდამავალი მთავრობა მოვიდეს, შემდეგ ხალხმა თვითიონ კოალიციური მთავრობა შეარჩიოს და აშშ ამაში არ ჩაერია, მაშინ ეს შეიძლება ჩაითვალოს კიდეც, რომ ტრამპმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაციას",- განაცხადა კაკაჩიამ.

რა მოჰყვება ვენესუელის პრეცედენტს

კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ სხვა რეჟიმების წინააღმდეგ ოპერაციებზეც წავიდეს აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია.

"ვიცით, რომ ტრამპპის ადმინისტრაციისთვის აშშ-ს სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებოთ, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის გაძძლიერება პრიორიტეტი არაა.

თუ ეს ასე დარჩა, ამას შეიძლება ჩინეთის მხრიდან ტაივანზე შეტევა მოჰყვეს, შესაძლოა პუტინს იმედები გაუჩინოს, რომ რაც უკრაინაში გააკეთა, შერჩეს და ამაზე საერთაშორისო თანამეგობრობას რბილი რეაქცია ჰქონდეს, რადგან შესაძლოა ჩაითვალოს, რომ დიდი ქვეყნებისთვის ნორმალური მოვლენაა მეზობლებთან რეჟიმის ცვლილებები.

"ამას საერთაშორისო სამართლის ეროზია მოჰყვება, რაც ყველა ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს უქმნის და მომავალში შეიძლება არც დიდი სახელმწიფოები იყვნენ გამონაკლისი. აშშ აქამდე თვითონ იყო საერთაშორისო წესრიგის ბურჯი და ახლა ამ ქმედებებით ამ პრინციპებს წყალი შეუყენა, სად მიგვიყვანს ეს და რას გამოიწვევს, უახლოეს მომავალში გავიგებთ",- განაცხადა მან.

 

კითხვაზე, დაიწყებს თუ არა ტრამპი სხვა რეჟიმებთან მიმართებაში მსგავს ოპერაციებს, კაკაჩიამ გვითხრა:

"რა თქმა უნდა. ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია გრენლანდიასთან ურთიერთობა, ასევე კანადასაც ხისტად მოექცა. თუ ტრამპმა მოინდომა და გრენლანდია დანიას წაართვა, ეს საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის, ნატოსთან მიმართებაში და ძალიან ბევრი რამ თავდაყირა დგება. ახლა რაც ხდება, ამან შესაძლოა კოლექტიური დასავლეთის კიდევ უფრო ფრაგმენტაცია მოახდინოს",- განაცხადა კაკაჩიამ.

"სამართალი ვერ იარსებებს სამართლიანობის გარეშე"

ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე პასუხობს მათ, ვინც ვენესუელაში აშშ-ს ქმედებებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით აკრიტიკებს.

"სამართალი ვერ იარსებებს სამართლიანობის გარეშე, ხოლო ტირანია სამართლის ანტითეზაა. სუვერენიტეტი არ არის დიქტატორის ფარი, რომლის უკანაც მას შეუძლია საკუთარი ხალხი ჟლიტოს. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და არა უზურპატორს.

როდესაც რეჟიმი უარს ამბობს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე და პირიქით, მათ შიმშილით კლავს, ის კარგავს სუვერენიტეტის უფლებას.

"საერთაშორისო სამართლის პრინციპი პასუხისმგებლობა დაცვის შესახებ (R2P) სწორედ ამას გულისხმობს - თუ სახელმწიფო ვერ/არ იცავს ხალხს, ეს ვალდებულება გადადის საერთაშორისო თანამეგობრობაზე.

საერთაშორისო თანამეგობრობის ზოგიერთი წევრი კი რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით ბლოკავდა ვენესუელაში რაიმე ცვლილებას და მხარს უჭერდა ადამიანთა განადგურებას. ანუ მსოფლიოს უნდა ეყურებინა ხალხის დამონებისა და განადგურებისათვის?!

ამასთან:

1. ჰუმანიტარული ინტერვენციის ლოგიკით ტირანულ-დესპოტური რეჟიმები, რომლებიც ხალხს მონობაში ამყოფებს, ხოლო რეგიონალურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს მისი შეცვლა შესაძლებელია.

ვენესუელადან ლტოლვილთა ნაკადები არ არის ბუნებრივი კატასტროფა, ეს არის მადუროს პოლიტიკის შედეგი, რომელიც მეზობელ ქვეყნებს და აშშ-ს საზღვრებს აწვება, ხოლო მოსახლეობას პირდაპირი მნიშვნელობით აშიმშილებდა.

იგი ომით ემუქრებოდა მეზობელ გაიანას და მისი ტერიტორიების ანექსიაც კი გამოაცხადა.

2. ნარკომოვაჭრე და ტერორისტული რეჟიმები იერიშის ლეგიტიმურ სამიზნედ არიან გამოცხადებული. ისინი არ არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები.

3. მადუროს რეჟიმი არ გამოხატავს ვენესუელელი ხალხის ნებას - მან რამდენიმე არჩევნები ტოტალურად წააგო და უბრალოდ მიიტაცა ძალაუფლება, შემდეგ დაიწყო ოპოზიციის განადგურება და დემონსტრანტების ხოცვა კრიმინალური ბანდების მიერ. შესაბამისად მისი მთავრობა არამხოლოდ არალეგიმური არამედ არალეგალურიცაა.

4. აშშ-ს იერიშების მიზანი არც ქვეყნის დაპყრობა და არც სამოქალაქოების განადგურება არ ყოფილა/არ არის. შესაბამისად, ეს არ არის არც დაპყრობითი ომი და არც აგრესია. ესაა ანტიტერორისტული ოპერაცია.

5. საერთაშორისო სამართალი არ არის ცალმხრივი შეზღუდვის, დიქტატორების უსაფრთხოების გარანტიის ან სუიციდის პაქტი. როდესაც გაერო და სხვა ინსტიტუციები უუნაროა შეაჩეროს გენოციდი, ტერორიზმი, საერთაშორისო დანაშაულები ან ტოტალიტარიზმი, ქმედითი ძალის ჩარევა ხდება აუცილებლობა. ხოლო ის ამბავი, რომ ყოველთვის ვიღაცები ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ, ეგ ისედაც ცხადია და ვიცით - უმოქმედობასაც იყენებენ ისინი და ქმედებასაც, მაგრამ უმოქმედობას ბევრად უარესი შედეგები მოაქვს ხოლმე.

 

  • "ტოტალიტარული და ტერორისტული რეჟიმებისაგან ხალხი მანამ უნდა გათავისუფლდეს, სანამ გვიანი იქნება. იმ ფონზე, რომ მსოფლიო ჩაკეტილი არ არის, უმოქმედობის შემთხვევაში, ერთი ქვეყნის დესპოტია აუცილებლად შეგეხება შენ"

 

"ხოლო რუსეთი რომ ნებისმიერი ქმედება/უმოქმედობის გამომყენებელია და საერთაშორისო სამართალი საერთოდ არ აინტერესებს და ტაქტიკურად, მომენტიდან მომენტამდე მოქმედებს - ეგ ისედაც ვიცით.

დაბოლოს:

6. ვენესუელამ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, მხარი დაუჭირა საქართველოს არასამართლებრივ ოკუპაციას და ამ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. შესაბამისად, ვენესუელელი მოსახლეობის ზეიმოს ხარჯზე მადუროს რეჟიმის ადვოკატობა საქართველოში, ღიმილისმომგვრელია",- წერს კობერიძე "ფეისბუქზე".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×