
ევროპამ და აშშ-მა პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიცია წარმოადგინეს, მიესალმნენ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის მხარდაჭერით და წარადგინეს დეტალური გეგმა კიევის გრძელვადიანი გაძლიერებისთვის, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანული და ფრანგული ჯარების განლაგების შესახებ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მხარდაჭერის ნიშნად, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა ევროპელების მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გეგმაზე დადებითად შეაფასეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები, ამერიკელები და უკრაინელები უკრაინისთვის „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ.
თუმცა, გამოცემის ცნობით, „პარიზში გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები ვერ გააქარწყლებს ეჭვებს აშშ-ის მიერ უკრაინისა და ევროპის კონტინენტის მხარდაჭერისადმი ერთგულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იმედი იყო, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას შეუერთდებოდა, საბოლოოდ დეკლარაციას მხოლოდ „მსურველთა კოალიციამ“ მოაწერა ხელი“.
Politico-ს ხელში ჩაუვარდა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი, საიდანაც უკრაინაში გასაგზავნ მრავალეროვნულ ძალებში ამერიკელების მონაწილეობის საკითხი ამოღებულია. თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ აშშ აიღებდა ვალდებულებას, „დახმარებოდა ძალებს თავდასხმის შემთხვევაში“ და უზრუნველეყო სადაზვერვო და ლოგისტიკური მხარდაჭერა.
სტატიის თანახმად, ლიდერებმა ასევე თავი აარიდეს აშშ-ის ვალდებულებების სანდოობაზე საუბარს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის ხელში ჩაგდებით დაიმუქრა.