
სხვადასხვა სექტორში ეს წარმატებით განხორციელდა, ვფიქრობ, გამონაკლისი არ იქნება სამომხმარებლო პროდუქტების სივრცე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, იმ საკითხის მიმართ, რომელიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბიზნესის დამოკიდებულება უფრო ლმობიერი უნდა იყოს.
„ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ბიზნესსაც აქვს. ვეცდებით, მოსახლეობის ინტერესების დაცვას და იმას, რომ კონკურენცია მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ეფექტიან პირობებს უზრუნველყოფდეს, სწორი გადაწყვეტილებებით სწორი მმართველობის ფორმა მიეცეს.
სხვადასხვა დროს მსგავსი რამ სხვადასხვა სექტორში შეიმჩნეოდა - დაწყებული ენერგეტიკით, დამთავრებული ფასწარმოქმნის საკითხებით ისეთ სფეროში, როგორიცაა მედიკამენტების ბაზარი. ბუნებრივია, რომ რეფერენტული ფასების პოლიტიკამ გარკვეული სტაბილურობა შესძინა მედიკამენტების ბაზარს.
ეს კვლავაც მომგებიანია ბიზნესისთვის, თუმცა, ნაკლები ტვირთია მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, ასეთი რაციონალური, დაბალანსებული, სამართლიანი მიდგომები და გადაწყვეტა იქნება ერთმნიშვნელოვნად სწორი. იგივე ხდება ენერგეტიკაში - ფასების რეგულირება ხდება მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით.
სხვადასხვა სექტორში ეს წარმატებით განხორციელდა. ვფიქრობ, გამონაკლისი არ იქნება სამომხმარებლო პროდუქტების სივრცე”, - განაცხადა მინისტრმა.
სასურსათო პროდუქციის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იწყებს მუშაობას. შემადგენლობა დამტკიცებულია. კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. წევრები არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.