
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესისგან, რომელიც ახლა ვენესუელის დროებითი ლიდერია, პროამერიკული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს - ნაბიჯების, რომლებზეც თავად მადურო უარს აცხადებდა - თუ მას სურს, რომ თავისი წინამორბედის ბედი არ გაიზიაროს.
როგორც საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა Politico-ს განუცხადეს, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა დელსი როდრიგესს უთხრეს, რომ მათ, სულ მცირე, სამი ნაბიჯის გადადგმის ხილვა სურთ: ნარკოტრეფიკინგის ნაკადების შეზღუდვა; ქვეყნიდან ირანელი, კუბელი ან სხვა ქვეყნების აგენტებისა და აშშ-ს მტრული ქსელების განდევნა; და აშშ-ს მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის მიყიდვის შეჩერება.
ამასთანავე, ორი წყაროს თქმით, აშშ-ს მაღალჩინოსნები როდრიგესისგან მოელიან, რომ გარკვეულ ეტაპზე იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და გადადგება. თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, მოთხოვნების შესასრულებლად ვადა მოქნილია, ხოლო არჩევნები მყისიერად მოსალოდნელი არ არის.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.