რეზონანსი
06.01.2026

ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთი ზანგეზურის დერეფნითაც იმოძრავებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

„ბუნებრივია, მოველით, რომ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთი, ასევე, ზანგეზურის დერეფნით იმოძრავებს. მართალია, ჩვენ ამ დერეფანს, პირველ რიგში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ გზად განვიხილავთ, მაგრამ ის, ასევე, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი იქნება“, - აცხადებს ალიევი.

ის ხაზგასმით ამბობს, რომ ამჟამად აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი სარკინიგზო მარშრუტი არსებობს, თუმცა მალე „ორი იქნება“.

„ორი იქნება. ორი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ერთი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ღია ოკეანეზე წვდომა არ გაქვს და მეზობელ ქვეყნებზე უნდა გაიარო. ყოველთვის უკეთესია, გქონდეს ალტერნატივა მოცულობისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, რომ სატრანზიტო მარშრუტის მონოპოლიზაცია თავიდან აიცილო და, ბუნებრივია, უფრო კონკურენტუნარიანი სატარიფო პირობები იქნეს უზრუნველყოფილი“, - ამბობს ალიევი.

მისი თქმით, აზერბაიჯანი როგორც ტვირთბრუნვის, ასევე, სამხრეთ კავკასიიდან შემდგომი მიმართულებით ნაკადის გამანაწილებელი ქვეყანა, რეგიონში ჩინეთის პრიორიტეტული პარტნიორია. ამჟამად ტვირთის ნაკადი დასავლეთისკენ ორი მიმართულებით მიემართება, რასაც სამომავლოდ, ალიევის შეფასებით, ზანგეზურის დერეფნის გავლით ახლო აღმოსავლეთისკენ სამხრეთის მიმართულებაც დაემატება.

„სპარსეთის ყურე და, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის მარშრუტიც სრულად იქნება გამოყენებული“, - ამბობს პრეზიდენტი.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ტვირთის ნაკადის ზრდას ხელს უწყობს, რისთვისაც თავის და მეზობელი ქვეყნების ინფრასტრუქტურაში კომერციული მიზანშეწონილობისა და მრავალი სხვა ფაქტორის საფუძველზე ინვესტირებას ეწევა. ამდენად, „აზერბაიჯანის, როგორც სატრანსპორტო ცენტრის როლი, განსაკუთრებით, ისეთის, რომელსაც ღია ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ბუნებრივად გაიზრდება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×