რეზონანსი
05.01.2026

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოდისეი ბიგვავამ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საუბარია მოწოდებაზე, რომ კარაკასმა გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

ბიგვავას თქმით, აფხაზეთის თვითმიზანი საერთაშორისო აღიარება არ არის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობრული ქვეყნების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთის სტაბილურობასა და განვითარებას, მაგრამ არ ცვლის მისი ხალხის ნებას

„აფხაზეთის რესპუბლიკა არ განიხილავს საერთაშორისო აღიარებას, როგორც თვითმიზანს. ჩვენი მთავარი ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოებრივ ინსტიტუტთა გაძლიერებაზე, სოციალური და ეკონომიკური მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაზე, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებაზე — ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე. რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობრული ქვეყნების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთის სტაბილურობასა და განვითარებას, მაგრამ არ ცვლის მისი ხალხის ნებას, - თქვა ბიგვავამ. 

ბიგვავამ ასევე აღნიშნა, რომ „არაღიარების პოლიტიკასთან“ დაკავშირებულ განცხადებებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი და ისინი არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ ატმოსფეროს რეგიონში.

„ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ ყურადღებით და პასუხისმგებლობით შევაფასოთ ნებისმიერი სიგნალი, რომელიც მეტყველებს რეგიონულ პოლიტიკაში უფრო პრაგმატულ და რეალისტურ მიდგომაზე. აფხაზეთის რესპუბლიკა ერთგულია მშვიდობიანი თანაცხოვრების, კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი. ჩვენ მზად ვართ დიალოგის და თანამშრომლობის განვითარებისთვის დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან - თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და არსებული პოლიტიკური-იურიდიული რეალობების აღიარების პირობებში, - თქვა მან. 

3 იანვრის ღამეს აშშ-ის სამხედროებმა კარაკასში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს და დააკავეს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი.

ვაშინგტონი მადუროს ლეგიტიმურ ლიდერად არ აღიარებს და მას „ნარკოტერორიზმსა“ და კოკაინის კონტრაბანდაში სდებს ბრალს. ორივე ბრალდებული დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×